დიმიტრი ხუნდაძე - ირაკლი კობახიძეს ვეთანხმები, რომ წესრიგი აუცილებელია და უნდა არსებობდეს როგორც დაუწერელი, ასევე დაწერილი კანონები
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარეს ეთანხმება, რომ უნდა არსებობდეს როგორც დაუწერელი, ასევე დაწერილი კანონები.
პირველ არხთან საუბარში დიმიტრი ხუნდაძე ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოხმაურა და აღნიშნა, რომ თამაშის წესები უნდა იყოს და მას უნდა ემორჩილებოდეს როგორც რიგითი დეპუტატი, ასევე საპარლამენტო თანამდებობის პირიც.
„წესრიგი აუცილებელია და ამაში ირაკლი კობახიძეს ვეთანხმები. ალბათ, დეტალებზე უმრავლესობაში შევთანხმდებით, მაგრამ არ მომწონს, როცა შიდაპარტიული საკითხები სააშკარაოზე გამოდის და განცხადებები შეურაცხმყოფელია. შესაძლოა, დავა და აზრთა სხვადასხვაობა იყოს, მაგრამ კორექტულობა და წესრიგი აუცილებელია“, – განაცხადა ხუნდაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პირობები დაწესდება და თუ დეპუტატი პირობებზე არ მოდის, ამ შემთხვევაში შესაბამისი პროცესები გაგრძელდება, თუმცა მანამდე წესები გაიწერება და ამ წესებთან მიმართებით შესაბამისი რეაგირების მექანიზმებიც იარსებებს.