დიმიტრი ხუნდაძე - გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ხალხი არ მისცემს ქვეყნის მართვის სადავეებს უცხოელს, რუსი იქნება ეს, ევროპელი თუ ამერიკელი
დიმიტრი ხუნდაძე - გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ხალხი არ მისცემს ქვეყნის მართვის სადავეებს უცხოელს, რუსი იქნება ეს, ევროპელი თუ ამერიკელი

გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ხალხი არ მისცემს ქვეყნის მართვის სადავეებს უცხოელს, რუსი იქნება ეს, ევროპელი თუ ამერიკელი. ხალხის მოთხოვნაა ეროვნული თვითმყოფადობა და ეს მოთხოვნა იქნება დაცული, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე გუშინდელ აქციას.

მისი თქმით, ეს იყო ქართველი ხალხის პასუხი ოპოზიციის და მისი მხარდამჭერი უცხოელი პოლიტიკოსების მიმართ.

„გუშინდელი აქცია იყო ქართველი ხალხის პასუხი ოპოზიციის და მისი მხარდამჭერი  უცხოელი პოლიტიკოსების მიმართ. დასავლეთის ანტიქართულ რიტორიკას გაბრაზებული საზოგადოება დაუპირისპირდა. საზოგადოებამ გააპროტესტა ის, რასაც მისი სახელით მისავე საწინააღმდეგოდ საუბრობენ. ქვეყანა ეკუთვნის საზოგადოებას და მისი ბედი სწორედაც რომ მან უნდა გადაწყვიტოს და არა – ვინმემ სხვამ.

გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ხალხი არ მისცემს ქვეყნის მართვის სადავეებს უცხოელს, რუსი იქნება ეს, ევროპელი თუ ამერიკელი. ხალხის მოთხოვნაა ეროვნული თვითმყოფადობა და ეს მოთხოვნა იქნება დაცული. საყურადღებო იყო საზოგადოების განცხადება პრეზიდენტისთვის ლეგიტიმაციის შეწყვეტის თაობაზე. პრეზიდენტმა იმ ხალხში დაკარგა ლეგიტიმაცია, ვისი მხარდაჭერითაც ის არჩევნებში მოიპოვა. საზოგადოების გადაწყვეტილება პრეზიდენტზე არის იმის მაგალითი, რომ ხალხი არავის არაფერს პატიობს.

ოპოზიციის ზოგიერთი  ღირსებადაკარგული სახე აუგად მოიხსენიებს ამ ხალხს. იმას, ვინც რესპუბლიკის მოედანზე მდგომი ხალხის ასაკზე ქილიკობს, მინდა, შევახსენო, რომ ამ თაობამ მოიტანა საქართველოს დამოუკიდებლობა, ამ თაობამ იბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და ყველაზე მეტად სწორედ ამ თაობას შესტკივა გული სამშობლოზე. ამ მებრძოლმა საზოგადოებამ დაინახა ქვეყნის  სუვერენიტეტის საფრთხე და მისი დაცვა გადაწყვიტა. მათ მსოფლიოს უთხრეს, რომ არ ტყუვდებიან და ვინც არ უნდა ისაუბროს საქართველოს დამოუკიდებლობაზე, რეალობა სულ სხვაა – დღეს ქვეყნის სუვერენიტეტი კვლავ საფრთხის წინაშეა. სწორედ ამ თაობამ იხსნა საქართველო  სააკაშვილის რეჟიმისგან. სწორედ მათი შვილები, ახალგაზრდები იმსხვერპლა იმ პოლიტიკურმა გუნდმა, რომლის დაბრუნებასაც დღეს  დასავლეთის ზოგიერთი ლიდერი ცდილობს.

გუშინდელმა დღემ ალბათ ყველა დაარწმუნა, რომ შეუძლებელია, საქართველოში ანტიქართული პოლიტიკის წარმოებით შედეგზე გახვიდე. შეუძლებელია სააკაშვილისა და მის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციის დაბრუნება ხელისუფლებაში.  შეუძლებელია იმ მზაკვრული მიზნების განხორციელება საქართველოში, რაც მავანთ აქვთ. სამწუხაროა ის, რომ დღეს ამ მრავალჯერ ბრძოლაგადატანილ საზოგადოებას უწევს კვლავ ქუჩაში დგომა. ისინი იდგნენ იმ  ახალგაზრდებთან ერთად, რომლებმაც ხმამაღლა თქვეს, რომ სურთ ქვეყნის განვითარება მხოლოდ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებით. მათ სურთ ევროპელობა საკუთარი ღირებულებებით და არა – ქართველობის გარეშე. სწორედ ეს ახალგაზრდობაა იმ თაობის საქმის ღირსეული გამგრძელებლები, რომლებმაც მოგვიტანეს ქვეყნის დამოუკიდებლობა და  თავისუფლება”, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

გუშინ თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართა, სახელწოდებით – „მოვდივარ!“ სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებული შეკრების მთავარი სლოგანი იყო – „არა ომს!“ „მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“. აქციის დასასრულს აქციის მონაწილეებს რეზიუმეს სახით წერილი გააცნეს. როგორც აღინიშნა, წერილში არის გზავნილები, ჩამოყალიბებულია პოზიციები, რის გამოც აქციაზე შეიკრიბნენ.