დიმიტრი ხუნდაძე -  ადრე ციხიდან ნაწამები ადამიანები გამოდიოდნენ, დღეს კი კოსტიუმში გამოდიან და იქვე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ
დიმიტრი ხუნდაძე - ადრე ციხიდან ნაწამები ადამიანები გამოდიოდნენ, დღეს კი კოსტიუმში გამოდიან და იქვე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ

პრობლემაა, როცა კრიმინალური ქმედება და ამის გამო საპყრობილეში ყოფნა პოლიტიკურ აქტივობად ითვლება გარკვეული ჯგუფების მხრიდან და ისინი მზად არიან, მძიმე დანაშაულის მქონე ადამიანი ლიდერად წარუდგინონ საზოგადოებას, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ადრე ციხიდან ნაწამები ადამიანები გამოდიოდნენ, დღეს კი კოსტიუმით გამოდიან.

​„როგორც ხედავთ, ციხის კარები ზოგჯერ იხურება და ზოგჯერ იღება კიდეც. მთავარია, კარებთან სამართალი იდგეს და არა ვინმეს განწყობა იყოს მისი მამოძრავებელი, როგორს ეს აქამდე ხდებოდა. ისიც შესამჩნევია, რომ ადრე ციხიდან ნაწამები ადამიანები გამოდიოდნენ, დღეს კი კოსტიუმში გამოდიან და იქვე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. ავიწყდებათ საკუთარი ხელით შექმნილი მძიმე წარსული, როცა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან სტაბილურად, ყოველ ხუთ დღეში სამი გვამი გამოჰქონდათ და გარეთ კიდევ დამატებით ორს ითხოვდნენ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა.

როგორც მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა, „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.