დიმიტრი ხუნდაძე - ევროკომისიის შეფასება მოსალოცია, თუმცა მოლოცვა უფრო ადრე უნდა მიგვეღო
დიმიტრი ხუნდაძე - ევროკომისიის შეფასება მოსალოცია, თუმცა მოლოცვა უფრო ადრე უნდა მიგვეღო

ევროკომისიის შეფასება მოსალოცია, თუმცა ეს მოლოცვა უფრო ადრე უნდა მიგვეღო, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიის ანგარიში დასტურია, რომ საქართველო მზად არის, სტატუსი მოიპოვოს, მაგრამ მხოლოდ საქართველოს მზაობა არ იქნება საკმარისი.

„უკვე მერამდენედ უნდა დადასტურდეს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უსამართლო იყო ის დამოკიდებულება, როდესაც პირველ შემთხვევაში საქართველომ სტატუსი არ მიიღო. ევროკომისიამ საკუთარ ანგარიშში დაადასტურა, რომ საქართველო არის ლიდერი, მოლდოვას უსწრებს 12 ქულით და მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება უკრაინას. ალბათ, ეს პოზიციაც გასაგებია – უკრაინას თავდაცვისა და უსაფრთხოების ნაწილში აქვს უპირატესობა. თუ შევაფასებთ ტანკების რაოდენობით, რა თქმა უნდა, უპირატესობა შეიძლება იყოს მის მხარეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მსხვერპლი თუ იქნება შეფასებული, აქ წინ საქართველო იქნება. ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების გვესმის, ჩვენთვის ეს მისაღებია, მაგრამ მიუღებელია, რომ საქართველო როდესაც თავიდანვე უპირატესი იყო, მას ბოლო ადგილი არ უნდა ჰქონოდა. ეს ანგარიში დასტურია, რომ საქართველო მზად არის, სტატუსი მოიპოვოს, მაგრამ მხოლოდ საქართველოს მზაობა არ იქნება საკმარისი. ამისთვის მზად უნდა იყოს თავად ევროკავშირი, რომ ეს არ იყოს იმდაგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც უკვე ვიხილეთ, როცა საქართველოს დაუმსახურებელი ბოლო ადგილი მიანიჭიეს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.