დიმიტრი ხუნდაძე - დღევანდელობის ობიექტური შემფასებელი იქნება დრო, დღეს კი ომის თავიდან აცილება ხელისუფლების რეპუტაციულ მსხვერპლს მოითხოვს
დიმიტრი ხუნდაძე - დღევანდელობის ობიექტური შემფასებელი იქნება დრო, დღეს კი ომის თავიდან აცილება ხელისუფლების რეპუტაციულ მსხვერპლს მოითხოვს

უკრაინის პარალელურად, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც შექმნილი დაძაბული სიტუაცია თითოეული მოქალაქის ემოციაზე აისახება, განსაკუთრებით მარტივია ამ დროს ახალგაზრდების აზვირთება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს.

„სწორედ ახლა აქვთ მავანთ საუკეთესო დრო – ცხელ გულებზე მარტივია ხალხის მართვა. ხოლო თუ დრო გავიდა და გონება გაცივდა, მაშინ ხალხის შეფასებებიც და ქმედებაც ხშირად ბუმერანგივით უკან უბრუნდებათ. არადა, ყველამ ვიცით, რომ დღევანდელობის ობიექტური შემფასებელი იქნება დრო. დღეს კი საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება და ომის თავიდან აცილება ხელისუფლების რეპუტაციულ მსხვერპლს მოითხოვს. ეს კარგად გვაქვს გააზრებული თითოეულ ჩვენგანს და ამას არც ვუფრთხით. ჩვენთვის საკუთარ რეპუტაციაზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დგას. ყველა საღად მოაზროვნე ამას ხვდება. საქართველოს ომში ჩათრევა შესაძლოა მისი დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს“,- აღნიშნა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი იმდენად დიდია ქართულ ოპოზიციაში, რომ ქვეყნის ინტერესები არ ადარდებთ.

„რაც შეეხება ქართულ ოპოზიციას, სამწუხაროდ, მეეჭვება არსებობდეს მეორე ქვეყანა, სადაც ამ ვითარებაში ოპოზიცია მსგავსად იმოქმედებდა. ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი იმდენად დიდია მათში, რომ ქვეყნის ინტერესები არაფრად ადარდებთ. სხვას ვერაფერს მივაწერთ მათ პროვოკაციულ განცხადებებს. საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს ქართული ოპოზიციის და რუსეთის მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული განცხადებები. როგორც გაირკვა, საქართველომ 2020 წელს გააკეთა განაცხადი რძის პროდუქტების რუსეთში შეტანაზე  და თანხმობა რატომღაც ახლა მოვიდა. ან რაში გვჭირდებოდა გავრილოვის ერთგვარი „შექება“? ნებისმიერ ფაქტზე ანალიზი კეთდება მისი შედეგიდან გამომდინარე. რადგან ამ კონკრეტული ფაქტების შედეგი არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების რეპუტაციის შელახვა, ესე იგი ეს ოპოზიციის ინტერესებს ემსახურება.

შეუძლებელია პოლიტიკოსმა არ იცოდეს, რომ დღეს ყველაფერზე ღიად საუბარი ომის დაწყების ხელის შეწყობას ნიშნავს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა, ვისაც საქართველოს ამ ომში ჩაბმა სურს, არის ქვეყნის მტერი. არ არსებობს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ვერ აანალიზებს რეალურ შესაძლებლობებს, ძალთა ბალანსს და მოსალოდნელ მომაკვდინებელ შედეგებს. ეს არ არის გაუთვლელი ნაბიჯები, ეს არის მხოლოდ მიზანმიმართული ქმედება ხელისუფლების და ქვეყნის წინააღმდეგ“,- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კომენტარს საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.