დიმიტრი ხუნდაძე - დღეს ვაპირებთ მე-18 დაწესებულებაში შესვლას, ვფიქრობ, საუკეთესო გადაწყვეტილება არის, სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა და დღის წესრიგიდან მოხსნას მთავარი მიზანი, რომ ქვეყანაში ქმნის აურზაურს
დიმიტრი ხუნდაძე - დღეს ვაპირებთ მე-18 დაწესებულებაში შესვლას, ვფიქრობ, საუკეთესო გადაწყვეტილება არის, სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა და დღის წესრიგიდან მოხსნას მთავარი მიზანი, რომ ქვეყანაში ქმნის აურზაურს

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი უსაფუძვლო გადაწყვეტილების გამო მთელი ქვეყანა დაძაბა და პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც ამ პროცესს ხელს უწყობს.

ხუნდაძის თქმით, დღეს აპირებს მე-18 დაწესებულებაში შესვლას და აინტერესებს, საერთაშორისო პროტოკოლის შესაბამისად რა რესურსი არსებობს დაწესებულებაში ან თუ არის საჭირო რაიმეს დამატება.

ამასთან, დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა.

„პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც ამ პროცესს უწყობს ხელს. პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა ეკისრება მიხეილ სააკაშვილსაც, რომელიც ქმნის აურზაურს. მთელი ქვეყანა დაძაბა მისი ამ უსაფუძვლო გადაწყვეტილების გამო. დღეს ჩვენ ვაპირებთ შესვლას და ველოდებით დასტურს სწორედ იმისთვის, რომ მათ შორის თქვენს კითხვებსაც გავცეთ პასუხი. ამიტომ გვაცადეთ. ვიდრე ჩვენ შევალთ იქ, არის ექიმთა ჯგუფი, ადგილობრივიც და მიწვეულიც. იქ არის ყველა რესურსი, რომ მას მომსახურება გაუწიონ. ამიტომ ჩვენი შესვლის დრო არ აფერხებს მისდამი სამედიცინო მომსახურების მიღებას.

არსებობს საერთაშორისო პროტოკოლიც, ამ პროტოკოლის მიხედვით მეც მაინტერესებს, რისი რესურსი არის, რისი არ არის და რა სჭირდება, რომ დავამატოთ. ან ვთქვათ არ არის ამის საშუალება და რეალურად დადგეს საჭიროება მისი გადაყვანის, ამას არ სჭირდება ემოციები, ამის სჭირდება ობიექტური გადაწყვეტილებები, პოლიტიკისგან დაცლილი გადაწყვეტილებები. პასუხისმგებლობას არ ვერიდებით. ჩვენ ველოდებით დასტურს, რომ შევიდეთ და ჩვენი პასუხისმგებლობა ავიღოთ. მე ხომ არ ვარ გულთმისანი, რომ შესვლამდე წინასწარ ვთქვა, რა იქნება. მგონი, საუკეთესო გადაწყვეტილება, ჩემს შესვლაზე უკეთესი გადაწყვეტილება არის, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა და დღის წესრიგიდან მოხსნას მთავარი მიზანი, რომ ქვეყანაში ქმნის აურზაურს. ესაა საუკეთესო გადაწყვეტილება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დატოვე კომენტარი