დიმიტრი ხუნდაძე - დაბალი პასუხისმგებლობით კრიზისული ფაზა შესაძლოა იმდენად დავამძიმოთ, რომ მთელი შრომა წყალში ჩაიყაროს და კატასტროფული შედეგი მივიღოთ
დიმიტრი ხუნდაძე - დაბალი პასუხისმგებლობით კრიზისული ფაზა შესაძლოა იმდენად დავამძიმოთ, რომ მთელი შრომა წყალში ჩაიყაროს და კატასტროფული შედეგი მივიღოთ

დაბალი პასუხისმგებლობით კრიზისული ფაზა შესაძლოა იმდენად დავამძიმოთ, რომ მთელი ეს შრომა წყალში ჩაიყაროს და კატასტროფული შედეგი მივიღოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„საქართველომ ეპიდემიის შეკავების ყველა პრეკრიზისული ფაზა სწორად გაიარა და სწორედ ამიტომ, სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან ეპიდვითარება სახარბიელოა, მაგრამ დაბალი პასუხისმგებლობითა და რეკომენდაციების შეუსრულებლობით შესაძლოა, კრიზისული ფაზა იმდენად დავამძიმოთ, რომ მთელი ეს შრომა წყალში ჩაიყაროს და კატასტროფული შედეგი მივიღოთ. ამიტომ, ყველას ვთხოვ რეკომენდაციების შესრულებას“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, დღევანდელი სურათი უკვე არის სიგნალი, რომ ჩვენ კრიზისულ ფაზას მივადექით.

„ჩვენთან ამ ეტაპზე სურათი ნაკლები სიმძიმისაა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ბოლო 24 საათის მაჩვენებელი, როცა ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. აქამდე გვქონდა მაქსიმუმ, 18-19 შემთხვევა, ძირითადად კი 10-15 იყო. ზოგჯერ, უფრო ნაკლებიც, მაგრამ დღევანდელი სურათი უკვე არის სიგნალი, რომ ჩვენ კრიზისულ ფაზას მივადექით“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ არის გარკვეული კლინიკები, სადაც ხარვეზები შეინიშნება.

„არის გარკვეული კლინიკები, სადაც ხარვეზები შეინიშნება და მე ვითხოვ მაღალ მზაობას. არა მხოლოდ მე, არამედ ჩვენი გუნდი. იმიტომ, რომ აქ შეღავათები ვერ იქნება, რადგან შეღავათები შესაძლოა, ვიღაცის სიცოცხლის ფასი დაჯდეს და აქ დამთმობი ვერ ვიქნებით. არ არის დასამალი, რომ დიდი ქალაქები და რეგიონალური ცენტრები უფრო მეტად არიან მზად, ვიდრე ვთქვათ, პერიფერიები. თუმცა, ჩვენ უკვე ერთი კვირაა დავდივართ რეგიონებში, მონიტორინგს ვახორციელებთ, ვახდენთ ხარვეზების იდენტიფიცირებას და არა მხოლოდ შეფასებას ვაკეთებთ, არამედ რეკომენდაციებს ვაძლევთ და ვეხმარებით, რომ ეს ხარვეზები აღმოიფხვრას. მნიშვნელოვანია ის, რომ თუ სტაციონარებში პაციენტთა მოჭარბებული რაოდენობა იქნება, ჰოსპიტალური სექტორი ამისთვის მზად იყოს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, შემოწმდა კლინიკების აღჭურვილობა და ძირითადად, სასუნთქ აპარატებზე გამახვილდა ყურადღება, რადგან კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე სახიფათო გართულება მწვავე რესპირაციული სინდრომია და სასუნთქი აპარატები შესაბამისი მონაცემების უნდა იყოს.

„ამ მიმართულებით მდგომარეობა კარგია, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ უკეთესს. პირველი ზოლის კოვიდკლინიკებს და ცხელების კლინიკებს აქვთ მზაობა, მაგრამ ვითვალისწინებთ იმას, რომ შესაძლოა, ვითარება რთული სცენარით წავიდეს და ამიტომ, ასე დავარქვათ, ზურგის კლინიკებიც მზად უნდა იყვნენ. ძირითადად, სწორედ ზურგის კლინიკებთან მიმართებაში იყო ხარვეზები. დღეს რამდენიმე კლინიკას ვესტუმრეთ, უკვე მეორედ. მათთან სადღაც, ერთი კვირის წინ ვიყავით და გადავამოწმეთ, რამდენად მოახერხეს შენიშვნების გამოსწორება და ხარვეზების აღმოფხვრა. მინდა, გითხრათ, რომ მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე აქამდე იყო, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ მეტს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, თუ საზოგადოებას ადეკვატური რეაქცია არ ექნა და შემთხვევათა ნახტომისებური ზრდა მივიღეთ, შესაძლოა, ჯანდაცვის სექტორმა ამ დატვირთვას მაღალი მზადების შემთხვევაშიც ვერ გაუძლოს.