დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-ის სახელმწიფოს პოზიცია, ვიდრე ერთეული კონგრესმენების, რომლებსაც შესაძლოა, გარკვეული ინტერესები ჰქონდეთ
დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-ის სახელმწიფოს პოზიცია, ვიდრე ერთეული კონგრესმენების, რომლებსაც შესაძლოა, გარკვეული ინტერესები ჰქონდეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოში არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი არასწორია.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერია და ყველა ქვეყანაში პარტიის ლიდერები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობენ.

„რომელ არაფორმალურ მმართველობაზე ვსაუბრობთ, როცა ბიძინა ივანიშვილი პარტიის ლიდერია. ყველა ქვეყანაში პარტიის ლიდერები, მით უმეტეს, როდესაც ისინი მმართველ გუნდს წარმოადგენენ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში მონაწილეობას ღებულობენ. ვფიქრობ, არაფორმალურ მმართველობაზე საერთოდ საუბარი არ შეიძლება იყოს და ეს არასერიოზულია“,- განაცხადა ხუნდაძემ.

ამასთან, ხუნდაძე მარკუეინ მალინის განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ არაერთხელ მოუსმენიათ მალინის მხრიდან განსხვავებული დამოკიდებულება, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიციაა.

საუბარია კონგრესმენ მარკუეინ მალინის სტატიაზე სახელწოდებით – „აშშ უნდა დაუდგეს გვერდით საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.

კონგრესმენი წერს, რომ „საქართველოს მთავრობა არ ზღუდავს ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების აბსოლუტურ კონსოლიდაციის. პუტინის მოკავშირე აქტიურად მუშაობს ამერიკული ბიზნესის გასაძევებლად, რომელიც ქვეყანაში კანონიერად მოქმედებს“. მარკუეინ მალინი ამის მაგალითად კომპანია „ფრონტერას“ მიიჩნევს.

ხუნდაძის თქმით, მნიშვნელოვანია სწორედ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფოს პოზიცია.

„რაც შეეხება გაუგონარ ბრალდებებს, ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მალინის მხრიდან განსხვავებული დამოკიდებულება, ვიდრე ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური, ერთიანი, სახელმწიფო პოზიცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორედ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფოს პოზიცია და დამოკიდებულება საკითხებთან დაკავშირებით, ვიდრე ერთეული კონგრესმენების, რომლებსაც შესაძლოა, რაიმე გარკვეული ინტერესები ჰქონდეთ“, – განაცხადა ხუნდაძემ.

დატოვე კომენტარი