დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის უმრავლესობის ფორმატში განხილვისთვის მზად ვართ
დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის უმრავლესობის ფორმატში განხილვისთვის მზად ვართ

ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის უმრავლესობის ფორმატში განხილვისთვის მზად ვართ, – ამის შესახებ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, უმრავლესობის ფორმატში განხილვისთვის მზად ვართ და ამაზე უარს არ ვიტყვით, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ყველა წესი, მათ შორის პროცედურული, მათ შორის შიდაგუნდურიც დავიცავით. არც საზოგადოებისთვის არ არის ახალი ჩვენ კომპრომისულ ვარიანტთან დაკავშირებით, როცა 2020 წლის არჩევნებზე ვთქვით, რომ არ ვეხებით, მაგრამ იქვე დავაფიქსირეთ უმრავლესობის სხდომაზეც, შემდეგ უკვე მასმედიაშიც, რომ ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებდით. სწორედ ამ პროცესთან გვაქვს ახლაც საქმე, კი ბატონო, განვიხილოთ, მაგრამ გთხოვთ, დაგვიჭიროთ მხარი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ ინიციატივას ამ ეტაპზე არანაირი მხარდაჭერა არ სჭირდება, პროცედურულად არის შესული ბიუროზე და ბიურო ვალდებულია, გადასცეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.

ვიქტორ ჯაფარიძემ, დაჩი ბერაიამ, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტის ბიუროს საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირების თხოვნით მიმართეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობის სხდომაზე უნდა იმსჯელონ, როგორი განვითარება ექნება საარჩევნო სისტემის შესახებ უმრავლესობის წევრების ინიციატივებს.