დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენი მიზანი მიღწეულია, მაჟორიტარული შემადგენელი შენარჩუნებულია, კრიზისი გამორიცხული და ვადამდელი არჩევნების შემთხვევაშიც, დაზღვეული
დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენი მიზანი მიღწეულია, მაჟორიტარული შემადგენელი შენარჩუნებულია, კრიზისი გამორიცხული და ვადამდელი არჩევნების შემთხვევაშიც, დაზღვეული

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მის კითხვებს პასუხები გაეცა და დღეს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმებული საარჩევნო მოდელი მისაღებია.

„მას შემდეგ, რაც მოვისმინე არგუმენტები, რაც გაეცა პასუხები ჩემს მიერ დასმულ კითხვებს, შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენი მიზანი მიღწეულია – ის, რომ ქვეყანა იმ საარჩევნო მოდელით, რომელიც არის შეთანხმებული, არ შევა კრიზისში, რომ მაჟორიტარული შემადგენელი შენარჩუნებულია და გამარჯვებული გუნდი დააკომპლექტებს კარგ მთავრობას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, თეორიულ ვარიანტს ვგულისხმობ, შემდეგი არჩევნები ჩატარდება ისევ მაჟორიტარული და პროპორციული შემადგენლით. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომ დესტრუქციულ ოპოზოციას მიეტოვებინა ქუჩა და არ ჰქონოდა ქუჩაში ყოფნის საფუძველი. ჩვენი მიზანი მიღწეულია, მაჟორიტარული შემადგენელი შენარჩუნებულია, კრიზისი გამორიცხულია და ასევე თეორიული ვარიანტითაც არის დაზღვეული, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაშიც კი არჩევნები ჩატარდება მაჟორიტარული შემადგენლით“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, დეპუტატების მთავარი მიზანი, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებოდნენ, იყო ის, რომ პრობლემა არ ჰქონოდა ქვეყანას.

„პრობლემა არ ექნება ქვეყანას ამ სისტემით. დანარჩენი არის უკვე საარჩევნო პროცესზე. პარტიებმა მიატოვონ ქუჩა, ძირითადად, დესტრუქციულ ნაწილს ვგულისხმობ და მოემზადონ არჩევნებისთვის“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.