დიმიტრი ხუნდაძე - ბოდიში შს მინისტრის მხრიდან, ჩემი აზრით, იყო სიტუაციის განმუხტვისთვის და არა ქმედებისთვის
დიმიტრი ხუნდაძე - ბოდიში შს მინისტრის მხრიდან, ჩემი აზრით, იყო სიტუაციის განმუხტვისთვის და არა ქმედებისთვის

ბოდიში შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან, ჩემი აზრით, იყო სიტუაციის განმუხტვისთვის და არა ქმედებისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ საზოგადოებამ დაინახა შს მინისტრის დამოკიდებულება საკუთარი უწყების და საზოგადოების მიმართ

„შინაგან საქმეთა მინისტრის ქმედება და განცხადება იყო ადეკვატური, გამომდინარე ვითარებიდან და იმ რეალობიდან, რომ ორი, რადიკალურად განწყობილ ახალგაზრდებს შორის რეალური იყო დაპირისპირების საფრთხე.

ბოდიში მინისტრის მხრიდან, ჩემი აზრით, იყო სიტუაციის განმუხტვისთვის და არა ქმედებისთვის. ზოგადად, პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა და მე ვფიქრობ, მინისტრმა სრულიად სწორად გამოიყენა ხელოვნების ეს ნაწილი და განმუხტა სიტუაცია. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა. ჩვენ ვნახეთ განსხვავება, თუ რა იყო პოლიცია მანამდე საზოგადოებასთან ურთიერთობაში, რა არის დღეს. ვნახეთ მინისტრის დამოკიდებულება საკუთარი უწყების და საზოგადოების მიმართ“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერის, აქციის ორგანიზატორ ბექა წიქარიშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრა 13 მაისს ღამით, პარლამენტის შენობაში გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ ბექა წიქარიშვილმა აღნიშნა, აქციის მონაწილეთა მოთხოვნებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შესაძლოა, სერიოზული შედეგები იყოს მიღწეული.

შეხვედრის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებს მიმართა, მათ ბოდიში მოუხადა და ასევე მოლაპარაკებების შედეგები გააცნო.

რუსთაველის გამზირზე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია გუშინ ღამე დაიშალა. ასეთი გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართვის შემდეგ მიიღეს. აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან ავტობუსებით გაიყვანეს.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი მოლაპარაკებების რეჟიმზე გადადიან და ერთი კვირით წყვეტენ აქციებს. მომდევნო აქცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერებმა 19 მაისისთვის დააანონსეს.