დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის შენახვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშია
დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის შენახვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშია

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, არსებობს ვაქცინები, რომელთა შენახვაც განსაკუთრებულ პირობებს ითხოვს. მისივე თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინა არის ის, რომლის პირველ ეტაპზე მიღების შესაძლებლობაც საქართველოს აქვს.

დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახად მინუს 70-გრადუსია საჭირო. ხუნდაძის განმარტებით, „ფაიზერის“ ვაქცინის შენახვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშია. გარდა ამისა, დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს მუშაობა სხვა კომპანიის ვაქცინებთან დაკავშირებითაც.

„აქ საჭიროა (მინუს) -70 გრადუსი, შენახვის პირობების აუცილებლობა, ამის რესურსი ქვეყანას გააჩნია, თუმცა არა იმ რაოდენობით, რომ მთლიანად შევძლოთ ამ ტიპის ვაქცინის უზრუნველყოფა, შენახვა და შემდეგ მოსახლეობისთვის მიწოდება. ასეთი ინფრასტრუქტურა გვაქვს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში და ბათუმში. დაახლოებით 100 ათას მოქალაქეზე საჭირო ვაქცინის შენახვის საშუალება. ეს არის დაახლოებით, 200 ათასი ვაქცინა, თუმცა სხვა მიმართულებითაც მიდის მუშაობა. პირობა რჩება ის, რომ აუცილებლად ჯანმოს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) ავტორიზება უნდა ჰქონდეს ამ ვაქცინას, რომ იყოს შენარჩუნებული მისი მაღალი ხარისხი და რისკები მინიმალიზებული“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.