დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ 2020 წლის შემდეგ სრულად მაჟორიტარულ მოდელზე გადასვლის შესახებ კანონპროექტზე უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა
დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ 2020 წლის შემდეგ სრულად მაჟორიტარულ მოდელზე გადასვლის შესახებ კანონპროექტზე უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, 2020 წლის შემდეგ საარჩევნო სისტემის სრულად მაჟორიტარულ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით დღეს უმრავლესობასთან შეხვედრა გაიმართა.

მისივე თქმით, შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, ვერ შეთანხმდნენ იმაზე, რომ კანონპროექტის ინიცირება მოხდეს.

მისივე თქმით, სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად საკანონმდებლო ინიციატივა საინიციატივო ჯგუფის სახელით დარეგისტრირდა.

„საარჩევნო სისტემის ცვლილება კიდევ რჩება აქტუალურ თემად, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში თანამოაზრეებთან ერთად უმრავლესობაში შევთანხმდით. ეს იყო ჩვენი კომპრომისული ვარიანტი, რომ 2020 წლის საარჩევნო სისტემას ჩვენ არ შევეხებით და ის დარჩება შერეული, მაგრამ მაშინვე ჩვენ ასევე ვთქვით პირობა, რომ ჩვენ შევეცდებით დავარეგისტრიროთ საკანონმდებლო ინიციატივა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად, ეს იქნება ამერიკული საარჩევნო სისტემის მოდელი, ორპალატიანი. ეს მისცემს საშუალებას, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს პირდაპირი კავშირი ხელისუფლების დაკომპლექტებასთან. დღეს ჩვენ დავარეგისტრირეთ საარჩევნო ინიციატივის ჯგუფით, დავურთეთ კანონპროექტი თავისი განმარტებითი ბარათით, პროცედურულად ის გადაეცემა შესაბამის კომიტეტს. მას აქვს ერთი კვირის ვადა, რომ განიხილოს და მოგვცეს უკვე ფორმები, რითიც ჩვენ გავალთ ხალხში. მე მაქვს იმედი, რომ ხალხში მათი ნაკლებად ჟღერადი ხმა უფრო ჟღერადი იქნება და იმედი მაქვს, რომ უმეტესობა ამ საზოგადოებისა მას შეხვდება პოზიტიურად. შემდეგ ვნახოთ, რომელი პარლამენტარი არ დაუჭერს მხარს საზოგადოების ასეთ მაღალ ხარისხში მოთხოვნას.

დღეს ამასთან დაკავშირებით გვქონდა უმრავლესობაში შეხვედრა. თქვენი ინტერესი, რა თქმა უნდა, არის, რატომ გაგრძელდა დიდხანს. დიახაც, გაგრძელდა დიდხანს. სამწუხაროდ იყო დაძაბულობაც. ვერ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს კანონპროექტი იქნას ინიცირებული, განხილული. ჩვენ ჩვენს პრინციპულ დამოკიდებულებას არ ვცვლით და გავალთ ხალხში, რომ ეს კანონპროექტი ინიცირებული იყოს მათ მიერ და უკვე შემდეგ პარლამენტში განხილული“,- განაცხადა ხუნდაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ხუნდაძე ამბობს, რომ მისი მოთხოვნა იყო, საქმის კურსში ჩაეყენებინათ პარტიის თავმჯდომარე.

„მე დეტალებში ვერ შევალ, რა საუბარი გვქონდა უმრავლესობის ლიდერთან და შიგნით გუნდში. თუმცა ერთ-ერთ მოთხოვნას გაგიმხელთ, ჩემი მოთხოვნა იყო, რომ ჩაეყენებინა მას საქმის კურსში პარტიის ლიდერი, მაგრამ არ ვიცი ამას გააკეთებს თუ არა, მაგრამ ჩვენ ჩვენს გზას გავაგრძელებთ“,- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

დატოვე კომენტარი