დიმიტრი ხუნდაძე - 2012 წლამდე ქვეყანას უფრო მეტი ადამიანი ტოვებდა ყოველწლიურად, ვიდრე ბოლო ექვსი წლის განმავლობაში
დიმიტრი ხუნდაძე - 2012 წლამდე ქვეყანას უფრო მეტი ადამიანი ტოვებდა ყოველწლიურად, ვიდრე ბოლო ექვსი წლის განმავლობაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მიგრაციის შესახებ საქართველოს ბოლო სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2012 წლამდე ქვეყანას უფრო მეტი ადამიანი ტოვებდა ყოველწლიურად, ვიდრე ბოლო ექვსი წლის განმავლობაში.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2012 წლის შემდეგ მკვეთრად არის შემცირებული უარყოფითი მიგრაციული სალდო.

ამასთან, ხუნდაძის თქმით, ლიეჟში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოსვლისას გაზრდილ მიგრაციაზე საუბრობდა, ტყუილია.

„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოში ჯერ კიდევ უარყოფითია მიგრაციული სალდო, ანუ ქვეყნიდან უფრო მეტი გადის, ვიდრე შემოდის. ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ ეს მაჩვენებლები მკვეთრად არის შემცირებული. როდესაც მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში უფრო მეტი შემოდიოდა, ვიდრე გადიოდა, არის აბსოლუტური ტყუილი. ამას ამტკიცებს მის პერიოდში გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები. დღეს „ნაცმოძრაობა“ არ ენდობა საქსტატს და ამბობენ, რომ მათ ხელისუფლება მართავს. თუკი სტატისტიკის დეპარტამენტი ასე მარტივად იმართება, რატომ ვერ შეძლეს რომ ეს მონაცემები მათი მმართველობის პერიოდში შეეცვალათ.

რეალობა ასეთია: ქვეყნიდან მოსახლეობის გადინება 90-იანი წლებიდან დაიწყო, თუმცა, იმ პერიოდში ამის აღრიცხვა შეუძლებელი იყო. 2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, 2004 წელს მართლაც შემცირდა საქართველოდან გამსვლელთა რაოდენობა, რადგან იმედი მიეცათ უკეთესი ცხოვრების. გაიზარდა ჩამომსვლელთა რაოდენობაც, თუმცა, ქვეყნიდან მაინც უფრო მეტი გაედინებოდა, ვიდრე შემოდიოდა. ეს გაგრძელდა 2006 წლამდე, ხოლო შემდეგ ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა გაიზარდა და პიკურ მაჩვენებლებს 2009-2011 წლებში მიაღწია.

მინდა აღვნიშნო, რომ 2002 წლის შემდეგ, საქართველოდან ყველაზე მეტი გამსვლელი სწორედ სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში დაფიქსირდა 2010-2011 წლებში. 2012 წლიდან კი მოსახლეობას ისევ გაუჩნდა იმედი და ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, გაიზარდა ჩამომსვლელთა რაოდენობა, თუმცა, უარყოფითი მაჩვენებლები დღემდეა შენარჩუნებული, რაც ძალიან ცუდია. განსხვავება ის არის, რომ თუკი სააკაშვილის პერიოდში მაგალითად, 2011 წელს ქვეყნიდან 35 500 კაცით უფრო მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა, 2012 წლის შემდეგ ეს ნიშნული დაახლოებით 17-ჯერ შემცირდა. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით კი, 2017 წელს ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია, ანუ მხოლოდ 2212 კაცით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. ბოლო წლის სტატისტიკური მონაცემები ჯერ არ არის, თუმცა, შესაძლოა გაზრდილი იყოს, რაც ვიზალიბერალიზაციის თანმდევი პროცესია“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ვფიქრობ, სააკაშვილის პერიოდსა და ჩვენს პერიოდს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღეს მიგრაციის კუთხით პრობლემები არ გვაქვს. ჩვენი ქვეყნისთვის ერთი ადამიანის გასვლაც კი მტკივნეულია. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ამხელა ტყუილს არ უნდა კადრულობდეს და ემიგრანტების ემოციებს საკუთარი ზრახვებისთვის არ უნდა იყენებდეს. ამ პრობლემებზე სააკაშვილს პრეზიდენტობის პერიოდში უნდა ეზრუნა, ახლა მისი წუხილი ამ თემაზე მხოლოდ ფარსია, როგორც ყველაფერი სხვა“, – განცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.