დიმიტრი გვრიტიშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა აგვისტოს ბოლოს ჩაინიშნება
დიმიტრი გვრიტიშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა აგვისტოს ბოლოს ჩაინიშნება

აგვისტოში, თვის ბოლოსკენ დაინიშნება იუსტიციის საბჭოს სხდომა და ჩატარდება კანდიდატების კენჭისყრა, – ამის შესახებ საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, საბჭოს წევრებს კენჭისყრის თარიღის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღით ადრე ეცნობებათ.

„ზღვა ინფორმაციაა იმიტომ, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, კანდიდატებს ვესაუბრებოდით, შეკითხვები იყო უამრავი. ამ ყველაფერს სჭირდება გაანალიზება. ამიტომ, ჩემი შეთავაზება იყო ასეთი და საბჭოს წევრებისთვისაც, როგორც ჩანს, მისაღები აღმოჩნდა. საწინააღმდეგო პოზიცია ფაქტობრივად არ დაფიქსირებულა. დაახლოებით ორკვირიანი პერიოდი ავიღეთ და სავარაუდოდ, აგვისტოს თვის ბოლოსკენ დაინიშნება საბჭოს სხდომა, სადაც ჩატარდება კენჭისყრა. კენჭისყრის თარიღის თაობაზე გონივრული ვადით, რამდენიმე დღით ადრე, საბჭოს ყველა წევრს ეცნობება ისე, რომ შემდგომში არ იყოს პრეტენზია, რომ წინა საღამოს გაიგო და ა.შ“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო და საბჭო 49 კანდიდატს გაესაუბრა. აგვისტოს ბოლოს, საბჭო ფარული კენჭისყრით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.