დიმიტრი გვრიტიშვილი პროკურატურას მიმართავს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს საზოგადოებას ინფორმაცია პირადი ცხოვრების ჩანაწერის საქმის შესახებ
დიმიტრი გვრიტიშვილი პროკურატურას მიმართავს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს საზოგადოებას ინფორმაცია პირადი ცხოვრების ჩანაწერის საქმის შესახებ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი პროკურატურასა და უზენაეს სასამართლოს მიმართავს დაუყოვნებლივ წარუდგინოს ინფორმაცია საზოგადოებას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ფარული ჩანაწერების საქმის შესახებ.

გვრიტიშვილის თქმით, მან წარადგინა არგუმენტები, რომელიც პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული უკანონო ჩანაწერის გავრცელების საქმეში სასამართლო ხელისუფლების მონაწილეობას გამორიცხავს.

„იმედი მქონდა, ამის შემდეგ დეპუტატი ეკა ბესელია შეწყვეტდა სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებულ ამ ცილისმწამებლურ კამპანიას. თუმცა, გუშინ ვიხილეთ საპირისპირო, გამარჯვებული სახით გვამცნო, რომ ბრძოლას აგრძელებს. ეს ბრძოლა უკვე ჩემთვის და საზოგადოებისთვისაც ცხადია, რომ სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ არის. ამიტომ ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა პროკურატურისადმი, უზენაესი სასამართლოსადმი დაუყოვნებლივ წარუდგინონ ინფორმაცია საქართველოს საზოგადოებას ამ საქმეში არსებული ფარული ჩანაწერების მდგომარეობის შესახებ“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის განცხადებით, მან უკვე განმარტა, რომ ჩანაწერები სასამართლოში შესვლის მომენტში დალუქული იყო და ისე გავიდა, რომ ლუქები ხელუხლებელია.

„შესაბამისად, სასამართლოს არც ერთ მოხელეს, მოსამართლის ჩათვლით, ამ ფარულ ჩანაწერებთან უშუალო წვდომა, მისგან ასლის გაკეთება და გავრცელების პრაქტიკული და თეორიული შესაძლებლობა არ ჰქონდა“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

მისი შეფასებით, ეკა ბესელიას საჯარო ფეისბუქპოსტში სააპელაციო სასამართლოზე ცალსახა მინიშნება გაკეთდა.

„ის აშკარად საუბრობდა სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებზე, მოსამართლეებზე. განაცხადა, რომ შინაგანი განცდა აქვს, თითქოს ეს დაკავშირებულია სასამართლო ხელისუფლებასთან. ამიტომაც, მეც გამიჩნდა დასაბუთებული შინაგანი განცდა, ეჭვიც, რომ იგი პირდაპირ ადანაშაულებდა სასამართლოს, კონკრეტულად, სააპელაციო სასამართლოს ამ ჩანაწერების გავრცელებაში. ასევე, სატელევიზიო ეთერით დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ მოსამართლეების მხრიდან ადგილი აქვს შურისძიებას“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

ის ვარაუდობს, რომ აღნიშნული კამპანია სასამართლო ხელისუფლების, კონკრეტულად სააპელაციო სასამართლოს წინააღმდეგ მიზანმიმართულად არის დაწყებული.

გვრიტიშვილი ცილისწამებაზე სამართლებრივ რეაგირებასაც არ გამორიცხავს.

კითხვაზე, გამორიცხულია თუ არა, რომ ეკა ბესელიას გაევრცელებინა აღნიშნული ჩანაწერი, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი აცხადებს, რომ არაფერს გამორიცხავს.

„არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. შევაფასე არსებული სიტუაცია, ვთქვი, რომ ჩანაწერების გავრცელება საეჭვოდ დაემთხვა ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს, როდესაც გარკვეულმა ჯგუფმა, ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით აშკარად წარმოაჩინა თავი, როგორც რაღაც პროგრესულმა ძალამ, რომელიც ემხრობა სამართლიანობას, რომელიც ზრუნავს ქვეყნის მომავალზე და არ დაუშვებს მოსამართლეების თემის გატანას პარლამენტში, რომ ამით იგი დაუპირისპირდა გარკვეულ ბნელ ძალებს“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

მისივე შეფასებით, შექმნილი ვითარება ხელს არავის აძლევს, არც ხელისუფლებას, რომელიც ვალდებულია, გამოიძიოს დანაშაული და შედეგები წარუდგინოს საზოგადოებას, ასევე არც სასამართლო ხელისუფლებას.

„ეს არის დამღუპველი, თუ დამტკიცდა რამე ფორმით სასამართლო ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის კავშირი ამ ბინძურ დანაშაულთან. აქედან გამომდინარე, ერთადერთ ვარაუდად დამრჩა საფუძველი, ხომ არ ემსახურება ეს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს“, – აცხადებს გვრიტიშვილი.