დიმიტრი გვრიტიშვილი - მზად ვართ, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, მაგრამ არ დავუშვებთ, ვინმე ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლების საქმეებში
დიმიტრი გვრიტიშვილი - მზად ვართ, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, მაგრამ არ დავუშვებთ, ვინმე ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლების საქმეებში

მზად ვართ, საზოგადოების წინაშე წარვდგეთ, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, მაგრამ არ დავუშვებთ, ვინმე ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლების საქმეებში და მით უმეტეს, განახორციელოს რაღაც დასჯის მცდელობა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

როგორც დიმიტრი გვრიტიშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც არსებობს მოსამართლეთა დანიშვნასა და კარიერის მართვაზე, ეფუძნება მხოლოდ ობიექტურ გაზომვად კრიტერიუმებს.

„დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი უკვე აშკარა მუქარაზეა გადასული და ეს სხვა არაფერია, თუ არა სასამართლო ხელისუფლების დასჯის მცდელობა, რათა ჩვენ ვიმოქმედეთ კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული მანდატით ფარგლებში. აბსოლუტურად დაუშვებელია ეკა ბესელიას განცხადებები იმის შესახებ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლების კანდიდატებად წარდგენილია სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მოსამართლეები. გაურკვეველია, ვის გულისხმობს სააკაშვილის პერიოდში მომსახურე მოსამართლეებში, ეს დისკრიმინაციული და უსაფუძვლო განცხადებაა. შევახსენებ ყველას, მათ შორის დეპუტატებს, საზოგადოებას, რომ საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც არსებობს მოსამართლეთა დანიშვნასა და კარიერის მართვაზე ეფუძნება მხოლოდ ობიექტურ გაზომვად კრიტერიუმებს, როგორიც არის დამსახურება. დამსახურება თავის თავში მოიაზრებს კვალიფიკაციას, შესაძლებლობას”, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

მისივე თქმით, კრიტერიუმი, როგორიც არის, სააკაშვილის დროს მსახურება, არ არის ობიექტური, აშკარად დისკრიმინაციული მიდგომაა და სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის მცდელობაა, რასაც საბჭოს წევრები არ დაუშვებენ.

„ჩვენ არავის არ გვეშინია, მზად ვართ, საზოგადოების წინაშე წარვდგეთ და ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, მაგრამ არ დავუშვებთ არავის მცდელობას, ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლების საქმეებში და მით უმეტეს, განახორციელოს რაღაც დასჯის მცდელობა. მათი განცხადებები კრიტიკის ჩარჩოებს სცდება“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.