დიმიტრი გვრიტიშვილი - გურუსავით არის ეკა გიგაური, რომელიც ღაღადებს ჭეშმარიტებას, სხვა დანარჩენი კვერს უკრავს, ახლა გეკითხებით, სად არის კლანი სასამართლოში, თუ არასამთავრობოებში
დიმიტრი გვრიტიშვილი - გურუსავით არის ეკა გიგაური, რომელიც ღაღადებს ჭეშმარიტებას, სხვა დანარჩენი კვერს უკრავს, ახლა გეკითხებით, სად არის კლანი სასამართლოში, თუ არასამთავრობოებში

გურუსავით არის ერთი ადამიანი ეკა გიგაური, რომელიც ღაღადებს ჭეშმარიტებას, სხვა დანარჩენი ყველა განსხვავებული აზრის გარეშე უკრავს კვერს, ახლა გეკითხებით, სად არის კლანი  სასამართლოში, თუ არასამთავრობოებში, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალარჩეულმა მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

გვრიტიშვილის თქმით, ფაქტებით მოხდება ყველა სუბიექტის გამოაშკარავება, ვინც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განეიტრალებას მიზანმიმართულად ცდილობს.

„დაახლოებით წელიწადნახევრის წინ და ამ პერიოდში ვიყავი უბრალოდ მოსამართლის სტატუსით და ასეთი აქტიურობა ჩემი სამოსამართლო აქტიურობიდან გამომდინარე, მოსამართლეს ეკრძალება, როდესაც ვხედავ იგივე არაერთგზის ნახსენებ ე.წ. არასამთავრობოების განცხადებებს, რადგან ჩემთვის ეს არის აბსოლუტურად პოლიტიზებული სუბიექტების ერთობა, მართლაც კლანური პრინციპით ფორმირებული, იმიტომ, რომ ვერც ერთ შემთხვევაში განსხვავებულ აზრს მათგან ვერ ვისმენ. გურუსავით არის ერთი ადამიანი ეკა გიგაური, რომელიც ღაღადებს ჭეშმარიტებას, სხვა დანარჩენი ყველა განსხვავებული აზრის გარეშე უკრავს კვერს, ახლა გეკითხებით, სად არის კლანი სასამართლოში, თუ არასამთავრობოებში. თავდაცვითი რეჟიმიდან სასამართლო ხელისუფლება, ჩათვალეთ, რომ გადადის თავდასხმის რეჟიმზე. ფაქტებით და მტკიცებულებებით მოხდება ყველა იმ სუბიექტის გამოაშკარავება პერიოდულად, რომელიც მიზანმიმართულად გეგმავს და ცდილობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განეიტრალებას, მის თამაშგარე დატოვებას და სასამართლო კორპუსში განხეთქილების შეტანას იმ კუთხით, რომ არაჯანსაღ კომუნიკაციას ამყარებს გარკვეულ მოსამართლეებთან“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე „თქვენი დაბრუნება არის პირდაპირი გზავნილი დასავლეთისთვის, რომ რეკომენდაციების გათვალისწინება არ მოხდება“, გვრიტიშვილმა აღნიშნა, „ალოგიკურია, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება მიჭირს“.

მისივე თქმით, რეკომენდაციებში არ არის ნათქვამი, რომ საბჭოს დაკომპლექტების წესი უნდა შეცვლილიყო.

„ჩემთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრის არჩევას, როგორ შეიძლება მოჰყვეს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხება. ალოგიკურია, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება მიჭირს. ვინმეს ე.ი. უნდა საქართველოს მიღება ევროკავშირში და 15 წევრიან საბჭოში ორი წევრის, მურუსიძის და გვრიტიშვილის  არჩევა აფერხებს? მე ყველა დონის რეფორმის ჯგუფში ვარ, როგორც წევრი და ვაჟღერებ, პირადად ჩემი, ჩემი კოლეგების პოზიციას, საკანონმდებლო წინადადების ჩამოყალიბების კუთხით. ყოველთვის ვამბობთ იმას, რომ რეფორმების მიმართ ვართ ღია და მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა. იმ რეკომენდაციების, პუნქტის შინაარსის არასწორი განმარტება ხდება. არსად არ არის ნათქვამი, რომ საბჭოს დაკომპლექტების წესი უნდა შეცვლილიყო. იქ არის საუბარი იმაზე, რომ საბჭოს ანგარიშვალდებულება კიდევ უფრო დაიხვეწოს, კიდევ უფრო ღია გახდეს, ეს ჩვენთვის მისაღებია. ვიფიქროთ ერთად, როგორ შეიძლება უფრო მეტად ანგარიშვალდებული იყოს საბჭო საზოგადოების წინაშე“, – აღნიშნა გვრიტიშვილმა.