დიმიტრი გვრიტიშვილი - Doing Business -ის ანგარიშში საქართველოს დაწინაურების ერთ-ერთი მიზეზია სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილება
დიმიტრი გვრიტიშვილი - Doing Business -ის ანგარიშში საქართველოს დაწინაურების ერთ-ერთი მიზეზია სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილება

საქმეთა ელექტრონული განაწილება და სასამართლო პროცესის წარმართვის ხარისხის ამაღლება, – ეს ის კომპონენტებია, რომელმაც  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის მოსაზრებით, Doing Business – ის 2019 წლის ანგარიშში, ბიზნესის კეთების სიმარტივით, საქართველოს დადებითი შედეგი მოუტანა და ქვეყანა 190 სახელმწიფოს შორის მე-6 ადგილზე დაწინაურდა.

მისივე თქმით, აღნიშნული შედეგით, საქართველომ ისეთ ქვეყნებს გაუსწრო, როგორიც არის ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი და აშშ.

„კვლევაში დაფიქსირებულია, რომ სასამართლო სისტემაში დანერგილმა მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების ელექტრონულმა სისტემამ, რომელიც საქმეებს შემთხვევითი პრინციპის დაცვით ანაწილებს, ასევე პროცესების წარმართვის ხარისხის ამაღლებამ მნიშვნელოვან წილად განაპირობა ის, რომ საქართველო მე-9 ადგილიდან დაწინაურდა მე-6 ადგილზე და ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით გავუსწარით ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ნორვეგია, აშშ და დიდი ბრიტანეთი“,- განმარტა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მისივე თქმით, კვლევაში საუბარია იმ ხარვეზებზე და სამომავლო ნაბიჯებზე, რომელიც ქვეყანამ უკეთესი შედეგის მისაღწევად უნდა გადადგას. მათ შორის არის სასამართლოში საქმის ელეტრონული შეტანა, სახელმწიფო ბაჟის ელექტრონული წესით გადახდა .

შევახსენებთ, Doing Business – ის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო 190 სახელმწიფოს შორის მე-6 ადგილზე დაწინაურდა. (2018 წლის ანგარიშით საქართველო მე-9 ადგილზე იყო).

საქართველო დასახელებულია იმ სახელმწიფოთა რიცხვში, რომელშიც გაიზარდა სასამართლოს ავტომატიზაცია. კვლევის თანახმად, საქმეთა შემთხვევითმა ელექტრონულმა განაწილებამ ხელი შეუწყო ხელშეკრულებების აღსრულებას (enforcing contracts), რაც ბიზნესის კეთების გამარტივების ერთ-ერთ კომპონენტად არის დასახელებული კვლევაში.
კონკრეტულად ხელშეკრულების აღსრულების ნაწილში (მხოლოდ ეს ნაწილი ეხება სასამართლოს), საქართველო მე-8 პოზიციას იკავებს და 2019 წლის ანგარიშით, ამ ნაწილში მისი შეფასება 100-დან 76.90 ქულაა. ხელშეკრულებების აღსრულების ნაწილში შეფასებულია სასამართლო პროცესების ხარისხის ინდექსიც.

2019 წლის ანგარიშის მიხედვით, სასამართლო პროცესის ხარისხის ინდექსი (რომელიც 0-დან 18-მდე შკალაზე იზომება) არის 13.0.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ანგარიშით სასამართლო პროცესის ხარისხის ინდექსი 12.5, ხოლო 2017 წლის ანგარიშით – 12.0 იყო, რაც სასამართლო პროცესების ხარისხის ზრდაზე მიუთითებს.