დიმიტრი გვრიტიშვილი - ათ მოსამართლეზე განხორციელებული წნეხის გამო, შესარჩევი პროცედურის ხელახლა გავლა შეიძლება, არც გვიღირდეს
დიმიტრი გვრიტიშვილი - ათ მოსამართლეზე განხორციელებული წნეხის გამო, შესარჩევი პროცედურის ხელახლა გავლა შეიძლება, არც გვიღირდეს

როგორც ჩემთვის ცნობილია, მოსამართლეთა კრიტერიუმებსა და პროცედურაზე მსჯელობა პარლამენტში გაგრძელდება, რადგან სამუშაო ჯგუფის წევრების ნაწილმა ეს ფორმატი სადაოდ მიიჩნია, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორმაც უარი თქვა იმ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე, რომელსაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე უნდა ემსჯელა. ამასთან, როგორც გვრიტიშვილმა აღნიშნა, დეპუტატთა გარკვეულმა ნაწილმაც მიზანშეწონილად მიიჩნია, პარლამენტმა დამოუკიდებლად იმსჯელოს ამ კრიტერიუმებზე.

„ჩვენ იმ ფორმატშიც​ საკმაოდ აქტიურად ვმონაწილეობდით. თუ პარლამენტის მხრიდან მზაობა იქნება, თანამშრომლობისა და ჩვენი მოსაზრებების წარდგენისთვის მზად ვართ. გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის მისაღებია. როდესაც ამ გადაწყვეტილებას კანონის ფორმა მიეცემა, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები დავემორჩილებით.

იმ ხელოვნურად ატეხილი აჟიტოჟიდან გამომდინარე, რომელიც ათი მოსამართლისგან შემდგარ სიასთან დაკავშირებით დაიწყო, სასამართლო სისტემის ავტორიტეტის დასაცავად და არა იმიტომ რომ პროცედურა იყო ხარვეზიანი, გამოვიჩინეთ კეთილი ნება და უარი განვაცხადეთ ჩვენი კანდიდატურების განხილვაზე.

დაველოდებით კრიტერიუმებსა და პროცედურას. თუ მივიჩნევთ, რომ ამ კრიტერიუმებს დავაკმაყოფილებთ, შესაძლებელია ხელახლა დადგეს ეს საკითხი, თუმცა შეიძლება, არც დადგეს. გამომდინარე იქიდან, რამხელა წნეხიც განხორციელდა ამ ათ მოსამართლეზე, შეიძლება, ხელმეორედ უბრალოდ არც გვიღირდეს ამ პროცედურის გავლა“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.