დიმიტრი გვრიტიშვილი - არ დავუშვებთ, რომ სასამართლო ჩათრეული იყოს პოლიტიკურ პროცესებში 
დიმიტრი გვრიტიშვილი - არ დავუშვებთ, რომ სასამართლო ჩათრეული იყოს პოლიტიკურ პროცესებში 

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სასამართლო ჩათრეული იყოს პოლიტიკურ პროცესებში, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული დეპუტატები უკვე აშკარა ღია მუქარებზე არიან გადასული, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

როგორც დიმიტრი გვრიტიშვილმა აღნიშნა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ისჯება სასამართლო ხელისუფლება, რადგან საბჭომ იმოქმედა კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში.

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სასამართლო ჩათრეული იყოს პოლიტიკურ პროცესებში, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული დეპუტატები უკვე აშკარა ღია მუქარებზე არიან გადასული, თურმე კანდიდატებს საკომიტეტო მოსმენის დროს მოგვიწყობენ ყველაზე ცუდ დღეს ცხოვრებაში. არ ვფიქრობ, რომ ჩემი და სხვა კანდიდატების საზოგადოების წინაშე წარდგენა იქნება ყველაზე ცუდი დღე ჩემს ცხოვრებაში. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი ვალდებულება მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ამ გადაწყვეტილებაზე. ეს მუქარები და ეს დასჯის მცდელობა სასამართლოს მიმართ არის აბსოლუტურად უადგილო და არასწორი”, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

მისივე თქმით, საბჭოს ზოგიერთი წევრის მოსაზრებები შეხედულებები უკვე დიდი ხანია გაცდა ყოველგვარი გონივრული ლოგიკის ფარგლებს, პარანოიასა და ბოდვას დაემსგავსა.

მისივე თქმით, ლევან მურუსიძის და სხვა მოსამართლეებთან გასაუბრების დღეს დანიშვნა განაპირობა იმან, რომ უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.

„საბჭოს აქვს კანონისმიერი ვალდებულება, გადაწყვიტოს ამ მოსამართლეთა საკითხი უახლოეს მომავალში და ეს უბრალოდ დროში დაემთხვა ერთმანეთს, ამის დაკავშირება ერთმანეთთან არის არასწორი, ეს არის აბსურდული მოსაზრება”, – განაცხადა გვრიტიშვილმა.