დიმიტრი გვრიტიშვილი - ანა დოლიძეს სურს, რომელიმე პარტიამ სარფიანად იყიდოს 2020 წლის არჩევნებისთვის
დიმიტრი გვრიტიშვილი - ანა დოლიძეს სურს, რომელიმე პარტიამ სარფიანად იყიდოს 2020 წლის არჩევნებისთვის

ანა დოლიძეს სურს, სასამართლოს დისკრედიტაციით, სასამართლოსა და მოსამართლეების ლანძღვით დაიწეროს პოლიტიკური ქულები, რათა რომელიღაც პოლიტიკურმა პარტიამ სარფიანად იყიდოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, – ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის დღევანდელ განცხადებას საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მისი შეფასებით, დოლიძის აქტიურობის მიზანი პოლიტიკური გეგმებია.

ამასთან, დიმიტრი გვრიტიშვილი ანა დოლიძის შესახებ მის მიერ 2018 წელს გაკეთებულ განცხადებებს არ უარყოფს და ამბობს, რომ დოლიძის საქმეს სასამართლოში იურიდიული თვალსაზრისით პერსპექტივა არ აქვს. ანა დოლიძე გვრიტიშვილს სასამართლოში სწორედ 2018 წელს გაკეთებული განცხადების გამო უჩივის.

„ვადასტურებ, ანა დოლიძის სასარგებლოდ არ დასრულდება ეს დავა, არც საქართველოს სასამართლოებში და არც სტრასბურგში, თუ გადაწყვეტს. არ მგონია, გადაწყვიტოს ამ დავის გადაცემა სტრასბურგის სასამართლოსთვის, რადგან მის სარჩელს იურიდიული და ფაქტობრივი თვალსაზრისით პერსპექტივა არ აქვს. ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, რამდენიმეთვიან ინტერვალში ომიდან, ანა დოლიძე საქმიანობდა რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. მის მიერ შესრულებულმა სამუშაომ ხელი შეუწყო, რომ რუსეთის მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიტანა საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, ისე სტრასბურგის სასამართლოში. ერთადერთი, რასაც ამბობს ფაქტის სახით, ის არის, რომ ანა დოლიძე არ მთხოვს ამ მოსაზრების უარყოფას, რომ რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდა. ერთადერთი, რასაც დოლიძე სარჩელით ითხოვს, დამეკისროს ვალდებულება, უარვყო, რომ მოსკოვში იყო“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

მისი შეფასებით, დოლიძის აღნიშნული განცხადებები მის პოლიტიკაში „გადაბარგებას“ ემსახურება.

ანა დოლიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ დავის გაგრძელებას სტრასბურგში გეგმავს.