დიმიტრი გვრიტიშვილი - ანა დოლიძე იქმნის ტრამპლინს, რათა 2020 წელს სარფიანად გაყიდვადი პოლიტიკოსის სტატუსი შეიძინოს
დიმიტრი გვრიტიშვილი - ანა დოლიძე იქმნის ტრამპლინს, რათა 2020 წელს სარფიანად გაყიდვადი პოლიტიკოსის სტატუსი შეიძინოს

ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს წევრობის სტატუსს და სხდომათა დარბაზს იყენებს პოლიტიკური განცხადებების ტრიბუნად, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა საბჭოში ანა დოლიძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

დიმიტრი გვრიტიშვილის განმარტებით, დოკუმენტურად არსებობს მტკიცებულებები, რომ ანა დოლიძე დღეის მდგომარეობით იკავებს ხელმძღვანელობით და მმართველობით თანამდებობებს კერძო სამართლის იურიდიულ პირებში.

„ანა დოლიძის პოზიციაც, რომ პოლიტიკურ დევნას განიცდის ადასტურებს იმას, რომ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობს. ჩემი არგუმენტების გარეშე, თქვენს წინაშეც დაუდასტურებია, რომ იგი არის პოლიტიკოსი და განიცდის პოლიტიკურ დევნას. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, იგი გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით და იმ ფაქტებით, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია. დოკუმენტურად არსებობს მტკიცებულებები, რომ ანა დოლიძე დღეის მდგომარეობით იკავებს ხელმძღვანელობით და მმართველობით თანამდებობებს კერძო სამართლის იურიდიულ პირებში. საუბარია საია-ს გამგეობის წევრობაზე და სამართლებრივი საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეობაზე. ის ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეა, რომელიც დამალა და თქვენთან ამაზე აქცენტი არ გაუკეთებია. ეს დოკუმენტები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ხელმისაწვდომია. ის საკუთარი ქმედებებით და განცხადებებით ადასტურებს, რომ ის არის ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი. იუსტიციის საბჭოს წევრობის სტატუსს და ხშირშემთხვევაში, სხდომათა დარბაზს იყენებს პოლიტიკური განცხადებების ტრიბუნად, იქმნის გარკვეულ ტრამპლინს იმისათვის, რომ პოლიტიკაში ფორმალურადაც სარფიანად გადაბარგდეს, გაყიდვადი იყოს საპარლამენტო არჩევნებში, 2020 წელს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან სარფიანად გაყიდვადი პოლიტიკოსის სტატუსი შეიძინოს“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ამასთან, გვრიტიშვილის თქმით, დოლიძის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებები.

„ანა დოლიძე გამოირჩევა არაეთიკური საქციელით, შეურაცხყოფას აყენებს არამხოლოდ იუსტიციის საბჭოში კოლეგებს, არამედ პოლიტიკოსებს, თანამდებობის პირებს. მოსამართლე წევრები გამუდმებით ვსაუბრობდით, რომ დოლიძე იყენებს პოლიტიკურ განცხადებებს, რაც დაუშვებელია.თუმცა, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი იყო გიორგი მარგველაშვილი, ჩვენთვის აბსოლუტურად ცხადი იყო, რომ ამგვარ მიმართვას მისადმი აზრი არ ექნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი პრეზიდენტი აღარ არის, დღესაც აგრძელებს თავისი თანაგუნდელის, და თანამოაზრის მხარდაჭერას. 2018 წლის იანვარში, როდესაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დოლიძე საბჭოს წევრად დანიშნა, აბსოლუტურად ფიქტიური კონკურსი ჩაატარა, დაარღვია კანონმდებლობის მოთხოვნა, აქტიური პოლიტიკოსი და საკუთარი ადმინისტრაციის წევრი არ უნდა დაენიშნა იუსტიციის საბჭოში. ეს სტანდარტი მან დაარღვია. შესაბამისად, მისი პრეზიდენტობის დროს განცხადებებით ვიფარგლებოდით იმიტომ, რომ ასეთი სამართლებრივი პროცედურის წამოწყებაში ჩვენ აზრს ვერ ვხედავდით“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, ის იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გაითვალისწინებს საბჭოს თხოვნას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს საბჭოში უფლებამოსილება შეუწყვიტოს. მიმართვა გვრიტიშვილმა დღეს საბჭოს წევრებს გააცნო. ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები მხარს უჭერენ.

დატოვე კომენტარი