დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ უცხოეთში გამგზავრების პროცედურებში ალბათ არსებობდა საფუძველი იმისთვის, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ში ვერ გაემგზავრა
დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ უცხოეთში გამგზავრების პროცედურებში ალბათ არსებობდა საფუძველი იმისთვის, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ში ვერ გაემგზავრა

მოსამართლე თუ თავის საქმიანობას ახორციელებს კანონის საფუძველზე, ვერ წარმომიდგენია, რომელ სახელმწიფოში, მათ შორის აშშ-ში თუ ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ამისთვის მოსამართლემ პასუხი აგოს ან რამე სანქცია დაეკისროს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა პარლამენტში განუცხადა.

მისივე თქმით, სტრატეგიული პარტნიორებისგან მოსამართლეების დასანქცირების შესახებ არ სმენია.

„სტრატეგიული პარტნიორებისგან მსგავსი რამ არ მომისმენია. ცალკეულმა წარმომადგენლებმა, პოლიტიკურმა სუბიექტებმა, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, შესაძლოა, რაღაც მოსაზრება დააფიქსირონ, თუმცა ამ პროცესის სერიოზული გაგრძელება მე არ მინახავს, არ გამიგია და არც ველოდები. ვფიქრობ, რომ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსამართლეებიც და იუსტიციის უმაღლესი საბჭოც საკუთარ საქმიანობას განუხრელად ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. მოსამართლე თუ თავის საქმიანობას ახორციელებს კანონის საფუძველზე, მე ვერ წარმომიდგენია, რომელ სახელმწიფოში, მათ შორის თქვენს მიერ ნახსენებ ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ნებისმიერ სხვა განვითარებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ამისთვის მოსამართლემ ან პასუხი აგოს ან რამე სახის სანქცია დაეკისროს. რაც შეეხება იმას, რომ საუბარი არის ე.წ. კლანზე, მტკიცებით ფორმაში არც ერთ ანგარიშში ამაზე საუბარი არ არის. აქ არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია, რომ გარკვეული სუბიექტები საქართველოში საუბრობენ სასამართლო ხელისუფლებაში კლანის არსებობაზე. არავითარი მტკიცებულება, კონკრეტული ფაქტი არც ერთ შემთხვევაში წარმოდგენილი არ არის და ვფიქრობ, ეს უფრო ჭორაობას ემსგავსება“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ში გამგზავრების საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე დიმიტრი გვრიტიშვილმა აღნიშნა, რომ ჩხიკვაძის აშშ-ში ვერგამგზავრებას სანქციას ვერ დაარქმევდა.

„მე ამას სანქციას ვერ დავარქმევდი და ვერც წარმომიდგენია, რომ ამის გამო, სასამართლო გადაწყვეტილების გამო, მოსამართლეს ვინმემ სანქცია დააკისროს. იქ არის რაღაც პროცედურები, რომლებიც უკავშირდება ზოგადად გამგზავრებას უცხოეთში, აქედან გამომდინარე, რაღაც იმ პროცედურებში იყო ალბათ საფუძველი იმისთვის, რომ თქვენს მიერ დასახელებული მოსამართლე ვეღარ გაემგზავრა. არ ველოდებით დასანქცირებას, რადგან არ ვიმსახურებთ, საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა დიმიტრი გვრიტიშვილმა.