დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი აუცილებლად უნდა ჩატარდეს
დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი აუცილებლად უნდა ჩატარდეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს, დიმიტრი გვრიტიშვილს მიაჩნია, რომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

მისი თქმით, ამის მიზეზი გაჭიანურებული სასამართლო დავებია, რაც სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

“აშშ-ს საელჩოს და არასამთავრობოების განცხადებები, ასევე საბჭოს ზოგიერთი არამოსამართლე წევრის პოზიცია მიმართული იყო იქით, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონი 79-ე მე-4 პრიმა მუხლით გათვალისწინებული გადანიშვნების პროცედურები შეჩერდეს. საუბარია, ე.წ გამოცდილი მოსამართლეების გადანიშვნაზე, რომელსაც სამწლიანი გამოცდილება აქვს და უკონკურსოდ ხდება მათი მუდმივი ვადით გამწესება. ამასთან დაკავშირებით ცალსახად დააფიქსირა პოზიცია ანა დოლიძემაც და აშშ-ს საელჩოს რეკომენდაციაში არ ყოფილა საუბარი კონკურსების წესით დანიშვნის შეჩერების თაობაზე. თუ კონკურსი ჩატარდება, იქ ერთ ვაკანსიაზე რამდენიმე პირი მონაწილეობს და მათ შორის საბოლოოდ, საუკეთესო უნდა გამწესდეს. კონკურსის ჩატარება რომ აუცილებელია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. საქმეთა გადატვირთულობიდან გამომდინარე სასამართლო სისტემაში არსებული ვაკანსიები მაქსიმალურად უნდა შეივსოს და ეს პრობლემა მოგვარდეს”, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელებს. კერძოდ, ეს არის შესარჩევი კონკურსი. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა პირს, რომელსაც სურს, გახდეს მოსამართლე, ამისთვის კი აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.