დიმიტრი გვირტიშვილი მოუწოდებს ანა დოლიძეს, იმოქმედოს სასამართლოს ინტერესებიდან გამომდინარე
დიმიტრი გვირტიშვილი მოუწოდებს ანა დოლიძეს, იმოქმედოს სასამართლოს ინტერესებიდან გამომდინარე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვირტიშვილი ვარაუდობს, რომ მისი კოლეგა ანა დოლიძე, რომელიმე პოლიტიკური ძალის, ან თანამდებობის პირის დაკვეთას ასრულებს.

დიმიტრი გვირტიშვილი მინიშნებას საქართველოს პრეზიდენტზე აკეთებს და ამბობს, რომ მან ანა დოლიძე ერთპიროვნული გადაწყვეტილების შედეგად გაამწესა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

„საქართველოს პრეზიდენტმა ფაქტობრივად, მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ქალბატონი ანა მოავლინა საბჭოში და ფაქტია, რომ მის მიერ მოვლენილი წევრი მსგავს განცხადებებს აკეთებს და არაეთიკური საქციელით გამოირჩა. ვინც დანიშნა, ალბათ მისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ის პრეზიდენტმა მოავლინა. როდესაც ანა დოლიძის წარდგენა იყო, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემა აქილევსის ქუსლად რჩება. მახსოვს პრეზიდენტის განცხადებები, როდესაც იგი სულ აცხადებს, რომ იგი აგრძელებს ბრძოლას, იბრძვის თავისუფალი სასამართლოსათვის, ვის ევრძვის, ალბათ ჩვენ მოსამართლეებს გვგულისხმობს, არსებული საბჭოს წევრებს. პრეზიდენტის ამ განცხადებას საფუძველი არ აქვს“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

გვრიტიშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ანა დოლიძეს, თავი შეიკავოს პოლიტიკური განცხადებებისგან.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და შევახსენებ ქალბატონ ანა დოლიძეს, რომ იგი არ არის პოლიტიკოსი, არამედ უკვე სასამართლოს ნაწილია. ის ვალდებულია, იმოქმოდოს სასამართლოს ინტერესებიდან გამომდინარე და არა რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგით, რომელიც არ ვიცი, რომელმა პოლიტიკურმა ძალამ ან თანამდებობის პირმა დაუკვეთა. ფაქტია, რომ მისი გუშინდელი და დღევანდელი განცხადებები ამას მოწმობს, რომ ის კონკრეტული დღის წესრიგით არის შემოსული, შიგნიდან „ააფეთქოს“ საბჭოს საქმიანობა. მოსამართლე წევრები ამას არ დავუშვებთ, მისი ყველა ასეთი განცხადება იქნება ადეკვატურად პასუხგაცემული. მისგან განსხვავებით, აბსოლუტურად ეთიკური ნორმების დაცვითა და სამართლებრივი არგუმენტაციის მოშველიებით და არა ისე, როგორც ამას თვითონ ჭორებზე დაყრდნობით საუბრობს. ვის პოლიტიკურ წესრიგს ასრულებს, არ ვიცი. ალბათ, გაირკვევა და დროთა განმავლობაში გამოავლენს თავის თავს“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

ანა დოლიძემ დღეს უვადოდ დასანიშნ მოსამართლეებთან გასაუბრების დაწყებამდე განაცხადა, რომ ზურაბ ადეიშვილის ნარჩენები ცდილობენ, სასამართლოში საკუთარი გავლენა შეინარჩუნონ.