დიმიტრი გაბუნია - ზვიად დევდარიანის მობილურ ტელეფონებში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია, კონკრეტული მიმოწერები ინახება
დიმიტრი გაბუნია - ზვიად დევდარიანის მობილურ ტელეფონებში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია, კონკრეტული მიმოწერები ინახება

ორ მობილურ ტელეფონში, რითაც ზვიად დევდარიანი ბოლო ხუთი–ექვსი წლის განმავლობაში სარგებლობდა, საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია, კონკრეტული მიმოწერები ინახება და ეს ტელეფონები ხვალ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შეგვაქვს – ამის შესახებ ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა იგულისხმება ქალბატონებთან საინტერესო მიმოწერებში, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, რომ ამ ყველაფერს გამოძიებას წარუდგენს და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს, სადაც ყველაფერი გამოაშკარავდება.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მან, როგორც ზვიად დევდარიანის ადვოკატმა, შესაძლოა, ამ ჩანაწერების შინაარსი იცოდეს, მაგრამ პირადი მიმოწერის გასაჯაროებას კანონი უკრძალავს, რადგან დევდარიანის გარდა, ის სხვა სუბიექტებს, მესამე პირებსაც ეხება. 

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ვის უჩივის სასამართლოში დაცვის მხარე, დიმიტრი გაბუნიამ აღნიშნა, რომ მათი მოპასუხე კონკრეტული ფიზიკური პირები იქნებიან და არა მედია, ან რაიმე ტიპის გაერთიანება.

„მოპასუხე იქნება ყველა პირი, ვინც ზვიად დევდარიანის მიმართ ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა, მათ შორის – ქალბატონებიც, რომლებიც ზვიად დევდარიანს შევიწროებაში ადანაშაულებენ. პასუხი უნდა აგონ იმ კონკრეტულმა სუბიექტებმა, ვინც ჩვენი აზრით სამართალდარღვევა, არა მხოლოდ სამოქალაქო გადაცდომა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულიც ჩაიდინა“, – განაცხადა გაბუნიამ.

ზვიად დევდარიანის ადვოკატის თქმით, წინ ძალიან საინტერესო პროცესებია.

„ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს ჭორაობა და ის, ვინ რა დაწერა სოციალურ ქსელში. არსებობს სასამართლო და არსებობენ სამართალდამცავი ორგანოები. ჩვენი მიზანი სიმართლის დადგენაა და არა ვინმეს დასჯა“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.