დიმიტრი გაბუნია შსს-ს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიბარონ ზვიად დევდარიანი საგამოძიებო უწყებაში
დიმიტრი გაბუნია შსს-ს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიბარონ ზვიად დევდარიანი საგამოძიებო უწყებაში

არც ერთი ნაბიჯი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში განხორციელდა ზვიად დევდარიანის მიმართ, რეაგირების გარეშე არ დარჩება, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს ყოფილი ხელმძღვანელის, ზვიად დევდარიანის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა.

დიმიტრი გაბუნიას შეფასებით, მომხდარი არ არის მხოლოდ ზვიად დევდარიანის ან მისი ოჯახის უფლებების დაცვა, არამედ  ამით წითელი ხაზი უნდა გაივლოს შანტაჟს, მუქარასა და შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებას შორის.

„ფეისბუქ სასამართლოთი გასამართლებული მსჯავრდებულის, განაჩენ გამოტანილი პირის დაცვა თუ მომიწევდა ოდესმე, ვერ წარმოვიდგენდი, თუმცა თურმე ყველაფერი ხდება. არც ერთი ნაბიჯი, რომელიც ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში განხორციელდა დევდარიანის მიმართ, არ დარჩება რეაგირების გარეშე. ეს არ არის მხოლოდ ზვიად დევდარიანის, მცირეწლოვანი ბავშვების უაპელაციოდ, ყოველგვარი დასაბუთების და მტკიცებულებების გარეშე შელახული უფლებების დაცვა, ეს არ არის მხოლოდ დევდარიანის ოჯახის შეურაცხყოფა, ჩვენ ამ კონკრეტული საქმით, გვსურს, ერთხელ და სამუდამოდ, გაივლოს წითელი ხაზი შანტაჟს, მუქარასა და შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებას შორის. სად გადის ეს წითელი ზღვარი“, – განაცხადა გაბუნიამ.

ადვოკატი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ  დაიბარონ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საგამოძიებო უწყებაში.

„ჩვენ მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც ფაქტზე ადევნების მუხლით აღძრა საქმე, დაუყონებლივ მოგვიწვიოს საგამოძიებო უწყებაში თუნდაც დღეს, თუნდაც ხვალ,  ჩვენ მზად ვართ გასაუბრებისთვის, ნებისმიერი სამართლებრივი პროცედურისთვის, რათა დავასაბუთოთ ჩვენი პოზიცია. საკმაო ხანია გასული, რაც ფაქტზე საქმეა აღძრული და მოთმინებით ველოდებოდით, რომ გამოჩნდებოდნენ კონკრეტული სუბიექტები, რომლებიც მიმართავდნენ განცხადებით მათი ე.წ. შელახული უფლებების დაცვის მოთხოვნით“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, შსს-ს მოწოდების მიუხედავად, მსგავსი რამ არ მომხდარა.

„თუ ისინი თვითონ არ მიდიან გამოძიებასთან, ჩვენ თვითონ დროის მოკლე მონაკვეთში ვამხელთ ყველა იმ პირს, ვინც გარკვეული ჯგუფების ანგაჟირების შედეგად გააკეთეს ესა თუ ის განცხადება და თითოეულ სიტყვაზე მოვთხოვთ უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს“, – აღნიშნა დიმიტრი გაბუნიამ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, მისი თქმით, დაცვის მხარე ხვალ საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით მიმართავს ზვიად დევდარიანის და მისი ოჯახის პატივის, ღირსების და რეპუტაციის შელახვის გამო.

მოპასუხეები იქნებიან კონკრეტული პირები. ჩვენ არ ვუპირისპირდებით მედიას და კონკრეტულ გაერთიანებებს. ჩვენ მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შელახა დევდარიანის კონკრეტული სამართლებრივი უფლებები, რომელიც გაწერილია სისხლის სამართლის კოდექსით, ეს არის მისი პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევა, პირადი კომუნიკაციის დარღვევა და შესაბამისად, ამ ინფორმაციის გადაცემა მესამე პირისთვის იმ მოტივით, რომ მომხდარიყო ზვიად დევდარიანის დისკრედიტაცია“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

პრესკონფერენცია დღეს ზვიად დევდარიანმა, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, ადვოკატთან ერთად გამართა. დევდარიანის თქმით, ის მზად არის, მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებზე, შსს-სთან, პროკურატურასთან და სახალხო დამცველის აპარატთან ითანამშრომლოს.

ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებმა ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.

ამ ბრალდების შემდეგ, დევდარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და სიდა-ს ხელმძღვანელის თანამდებობაც დატოვა.

ამასთან, ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწყო.