დიმიტრი გაბუნია - „ქალთა მოძრაობას“ ვურჩევდი, გაიარონ იურიდიული კონსულტაციები და ცრუ ბრალდებებს მოეშვან
დიმიტრი გაბუნია - „ქალთა მოძრაობას“ ვურჩევდი, გაიარონ იურიდიული კონსულტაციები და ცრუ ბრალდებებს მოეშვან

„ქალთა მოძრაობას“ ვურჩევდი, გაიარონ იურიდიული კონსულტაციები და ცრუ ბრალდებებს მოეშვან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა.

შაბათს „ქალთა მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებულ კითხვაზე დიმიტრი გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სიმულაციები უნდა დასრულდეს.

„რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ბევრჯერ ვისაუბრე. ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ეს სიმულაციები ყოველგვარ ცრუ და უსაფუძვლო ბრალდებებთან დაკავშირებით. ადვოკატთა ასოციაციამ გააკეთა საკმაოდ კომპეტენტური განცხადება. გაერო-ს კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად არ შეიძლება ადვოკატის გაიგივება კლიენტთან. აქ არის გაიგივებული, თითქოს მე თუ წარმოვადგენდი ერთი კონკრეტული პირის ინტერესებს, მე ვიზიარებ“, – აღნიშნა დიმიტრი გაბუნიამ.

მისივე თქმით, ამ თემაზე მეტ კომენტარს აღარ გააკეთებს, რადგან არასერიოზული და სასაცილოა „ქალთა მოძრაობის“ განცხადებები, არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური.

„ვურჩევდი, გაიარონ იურიდიული კონსულტაციები, ცრუ ბრალდებებს მოეშვან. დასაშვები კრიტიკის ზღვარი სადაც იქნება გადაცილებული, მიიღებენ იმ სამართლებრივ პასუხს, რომელიც არის გათვალისწინებული მოქმედი კანონდებლობით. ის ტექსტიდან ამოგლეჯილი კონტექსტი, რომელიც აქვს ხელზე დახვეული „ქალთა მოძრაობას“, ძალიან გთხოვთ დაინტერესებულ პირებს, ნახოთ, არის გაშუქებული ჩემი არაერთი კომენტარი და არის მოჭრილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა და ტექსტი. რაც შეეხება არგუმენტს, თითქოს მე, როგორც საპარლამენტო მდივანი ხელს შევუშლი სექსუალური შევიწროების კანონპროექტს და ა.შ., მე მინდა დავამშვიდო ისინი, საპარლამენტო მდივანს არანაირი კომპეტენცია არ გამაჩნია ამ კანონპროექტზე რაიმე სახის გავლენა მოვახდინო. აქედან გამომდინარე, ეს არგუმენტი არის თითიდან გამოწოვილი. დაანებონ თავი ორმაგი განცხადებების კეთებას. მეორე ტურის პერიოდში ეს ხალხი არცთუ ისე სასიამოვნო ტერმინებით ამკობდა საპრეზიდენტო კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი გუნდის მიმართ მცდელობა, ჩირქი მოსცხონ აბსურდული არგუმენტებით. მეტი კომენტარის გაკეთება ამასთან დაკავშირებით არ მინდა“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

„ქალთა მოძრაობა“ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას დანიშვნას აპროტესტებს და აქციის გამართვას გეგმავს.

დატოვე კომენტარი