დიმიტრი გაბუნია - პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას აპირებს  
დიმიტრი გაბუნია - პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას აპირებს  

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპირებს, კონსტრუქციულად ითანამშრომლოს პარლამენტთან, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, მოსაგვარებელია საორგანიზაციო საკითხები.

„მე დღეს დაუკავშირდები ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოფილ საპარლამენტო მდივანს, ანა ნაცვლიშვილს. ბუნებრივია, უნდა გადმოვიბარო საქმეები და შესაბამისად, გავეცნო ამ სტრუქტურას. პირველი, რასაც გავაკეთებ, დავამყარებ აქტიურ კომუნიკაციას პარლამენტთან, შესაბამის სამსახურებთან და შევუდგები უფლებამოსილების შესრულებას. ძირითადად, ჩემი სამუშაო ადგილი იქნება პარლამენტში“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

როგორც მან განმარტა, საპარლამენტო მდივანს აქვს საკმაოდ ბევრი ფუნქცია. ის არის პრეზიდენტის წარმომადგენელი პარლამენტში.

„საპარლამენტო მდივანი უფუნქციო ნამდვილად არ არის. თუ პრეზიდენტს არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საპარლამენტო მდივანს და პრეზიდენტს თავისი სიტყვა არ ეთქმით პარლამენტში. ჩვენ ვაპირებთ ძალიან ეფექტიანად, კონსტრუქციულად, ერთ გუნდად მუშაობას, არამხოლოდ პარლამენტთან“, – განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილებას, გაბუნიას თქმით, უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს მიმართავენ.

„ეს პროცედურა გაწერილია საქართველოს კონსტიტუციასა და რეგლამენტში. არსად წერია, მანამდე ან შემდგომ რა ვადაში უნდა მიმართოს კონკრეტულად პირმა უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე. აქედან გამომდინარე, ვაპირებთ, დღეს მივმართოთ და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, სალომე ზურაბიშვილს შეუწყდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

ამასთან, მისი თქმით, პრეზიდენტის მრჩევლების შერჩევის საკითხზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს,

„მე არ მაქვს ინფორმაცია, ვინ იქნება პოლიტიკურ თუ სხვა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი. ამ ეტაპზე, არც კონსულტაციებში არ ვარ ჩართული“, – განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი გაბუნიამ, რომელიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა.