დიმიტრი გაბუნია - ოპონენტებს მოვუწოდებ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ მუქარის თემაზე მორჩნენ სპეკულაციებს და მისცენ სამართალდამცავებს საშუალება, გამოიძიონ ფაქტი 
დიმიტრი გაბუნია - ოპონენტებს მოვუწოდებ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ მუქარის თემაზე მორჩნენ სპეკულაციებს და მისცენ სამართალდამცავებს საშუალება, გამოიძიონ ფაქტი 

ქვეყნის პრესტიჟის საქმეა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა გამოვლენილი და უმკაცრესად დასჯილი იყოს, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნია ზურაბიშვილის ოპონენტებს მოუწოდებს. სპეკულაციებს მორჩნენ. ადვოკატის თქმით, მას ნანახი აქვს მუქარის „სქრინშოტიც“ და აუდიოჩანაწერიც, ნახსენებია მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი.

„სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ ოპონენტებმა გაავრცელეს მთელი რიგი კომენტარები. მინდა, მათ ვუთხრა, რომ ეს არის რეალობასთან შესაბამისი ფაქტი და არანაირ სიცრუეს და ტყუილს ადგილი არ აქვს. მორჩნენ სპეკულაციებს, მისცენ სამართალდამცავ ორგანოებს საშუალება, ერთხელ და სამუდამოდ გამოიძიონ კონკრეტული ფაქტი. როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატის სიცოცხლეზეა მუქარა, როდესაც მისი ოჯახის წევრებზეა მუქარა, ჩვენ აბსოლუტურად რეალურად აღვიქვამთ ამ მუქარას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს „სქრინშოტები“ ნანახი მაქვს, აუდიოჩანაწერიც. აქ არის ნახსენები მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი, შესაბამისად, ეს პირი არ არის „ფეიკი“, არის კონკრეტული პირი, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია“, – განაცხადა გაბუნიამ.

ადვოკატის ინფორმაციით, შსს-მ ამ პირის იდენტიფიცირება მოახდინა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.

„თუმცა, ჩვენ გვაქვს სხვა უფრო მძიმე მუხლთან საქმე – ეს არის სსკ-ის 352-ე მუხლი, რაც გულისხმობს პოლიტიკური თანამდებობის პირის სიცოცხლის ხელყოფის მუქარას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 6-დან 12 წლამდე. შესაბამისად, საქმე გვაქვს მძიმე დანაშაულთან და ეს განცხადება არ ყოფილა ტყუილი ან პოლიტიკური სპეკულაციების საგანი“, – განაცხადა გაბუნიამ.

ის მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დაუყოვნებლივ ჩატარდეს შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები, რათა მუქარის ავტორი დააკავონ.

„ჩვენ მოგაწვდით შესაბამის „სქრინშოტებს“ და აუდიოჩანაწერს, სადაც ეს პირი მუქარას ახორციელებს. ქვეყნის პრესტიჟის საქმეა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა იყოს გამოვლენილი და უმკაცრესად დასჯილი. საუბარია ერთ პირზე, თუმცა, ეს პირი არის სამხედრო შენაერთის წევრი. ის იბრძოდა და იბრძვის საზღვარგარეთ, უკრაინაში, ის არის ქართული შეიარაღებული ძალების ყოფილი მოსამსახურე“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

სალომე ზურაბიშვილი სასტუმრო „რუმსში“ არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. მან დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, ფაქტზე რეაგირება მოახდინონ.