დიმიტრი დბარი - გვინდა, მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და შეთანხმდნენ, ამის გარეშე დაპირისპირებამდე მივალთ
დიმიტრი დბარი - გვინდა, მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და შეთანხმდნენ, ამის გარეშე დაპირისპირებამდე მივალთ

პარლამენტმა გამოხატა გუშინ საკუთარი პოზიცია და პრეზიდენტს გადადგომა ურჩია, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. დეპუტატმა, დიმიტრი დბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ხალხი საკუთარ პოზიციას იცავს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საჭიროა, მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიონ და დაპირისპირება არ დაუშვან.

„ქვეყანაში სიტუაცია ძალიან რთულია. ხალხი მტკიცედ არის განწყობილი. იცავს საკუთარ პოზიციას. პარლამენტმა უკვე გამოხატა გუშინ საკუთარი პოზიცია და პრეზიდენტს გადადგომა ურჩია. იგივე მოთხოვნა აქვს ხალხს, ვინც ახლა პარლამენტში და შენობის წინ არის შეკრებილი. ის, რომ ქვეყნის ხელმძღვანელი დიალოგის მომხრეა, ამას ჯერ ვერ ვხედავთ, რადგან ჩვენთან კავშირზე ჯერ არავინ გამოდის. გვინდა, მოლაპარაკების მაგიდასთან ორივე მხარის წარმომადგენლები დასხდნენ და საერთო კონსენსუსზე შეთანხმდნენ. ამის გარეშე ხალხს დაპირისპირებამდე მივიყვანთ. ამ დროისთვის გვესმის, რომ ხელისუფლება გარკვეულ მცდელობებს მიმართავს ადმინისტრაციული შენობების დასაბრუნებლად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამან შესაძლოა, სისხლისღვრამდე მიგვიყვანოს და აუცილებელია, ყველა მხარემ ამას თავი აარიდოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ხალხია მნიშვნელოვანი. პარლამენტი ახლა ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელიც სამუშაო რეჟიმშია. ახლა ხელისუფლების ერთადერთი წყარო არის პარლამენტი“, – განაცხადა „დეპუტატმა“ დიმიტრი დბარმა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან  აქცია გუშინ დილიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. სოციალურ ქსელში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.

აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ ე.წ. არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლოს საკასაციო კოლეგია „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგებთან დაკავშირებით საჩივარს დღეს განიხილავს.