დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, თუ ლევან ვასაძე კანონის ჩარჩოებს გასცდება, შესაბამისი რეაგირება მოხდება
დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, თუ ლევან ვასაძე კანონის ჩარჩოებს გასცდება, შესაბამისი რეაგირება მოხდება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, თუ ბიზნესმენი ლევან ვასაძე კანონის ჩარჩოებს გასცდება, ამას ისეთივე რეაგირება მოჰყვება, როგორიც ნებისმიერი სხვა მოქალაქის მიმართ უნდა იყოს.

როგორც ჟურნალისტებს დიმიტრი ცქიტიშვილმა განუცხადა, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია.

„მომწონს თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლება ყველა ადამიანს აქვს. ამ შემთხვევაში კონსტიტუცია და კანონი გვაძლევს ძალიან მარტივ პასუხს – ყველას აქვს უფლება, თავისი აზრი გამოხატოს, თუმცა თუ ეს ძალადობაში გადავა, სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, ძალადობა აღკვეთოს. სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმუმს გააკეთებენ რათა თითოეული ადამიანის კონსტიტუციური უფლება დაცული იყოს, აქციის თუ კონტრაქციის დროს. თუ ძალადობრივი აქტი იქნება, ეს აღიკვეთება”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები, ასევე სასულიერო პირების ნაწილი აქციას მართავს. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, საქართველოში არ ჩატარდეს „თბილისი პრაიდი“, ასევე გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და შეიქმნას „გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონი“.

გავრცელებული ინფორმაციით, „ღირსების მარში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, აქციის ორგანიზატორებმა ინფორმაციის გაჟონვის გამო და უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიება კიდევ ერთხელ გადადეს.