დიმიტრი ცქიტიშვილი - ტრაგედიისა და მტკივნეული თემის წინასაარჩევნოდ გამოყენება პოლიტიკურად ამორალური საქციელია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, უზნეობაა, როცა ხორავას ქუჩის საქმის მსგავსი ტრაგედიის წინასაარჩევნოდ გამოყენება ხდება.
დიმიტრი ცქიტიშვილი ოპოზიციის მიერ საგამოძიებო უწყებების ხელმძღვანელთა პარლამენტში დაბარების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პროკურორი საკანონმდებლო ორგანოში მივლენ და დადგენილების შესახებ ანგარიშს წარუდგენენ.
„როცა მტკივნეული თემა დაკავშირებულია არა პოლიტიკურ პროცესთან, არამედ ტრაგედიასთან და მისი გამოყენება წინასაარჩევნოდ ხდება, ეს უზნეობაა. ვინც ამას ცდილობს, ყველა უზნეოა, რადგან ეს პოლიტიკურად ამორალური საქციელია. პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება „ევროპული საქართველოს“ დასკვნისგან განსხვავებით, პოლიტიკის დღის წესრიგისგან დაცლილია. იმ ხალხით ზედმეტად მანიპულირება არ უნდა მოხდეს ვინც დიდი ტრაგედიის ნაწილია“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.
დეპუტატი ოპოზიციონერი კოლეგის ოთარ კახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ცქიტიშვილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ დავით სარალიძის მკვლელობაში მხილებულ პირს პრაქტიკულად ხელს აფარებს. როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, ამ თემით სპეკულირება უზნეობაა და მ.კ, რომლის შესახებაც კახიძე საუბრობს, მისი „არც ნათესავია და არც ბიძაშვილი ხელი რომ დააფაროს“.