დიმიტრი ცქიტიშვილი - სოფელ ატოცის გუშინდელი ინციდენტი ოპოზიციის სახის კიდევ ერთი გამოხატულებაა
დიმიტრი ცქიტიშვილი - სოფელ ატოცის გუშინდელი ინციდენტი ოპოზიციის სახის კიდევ ერთი გამოხატულებაა

სოფელ ატოცში სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებული ინციდენტი იმ სახის კიდევ ერთი გამოხატულებაა, რომელსაც ოპოზიცია ხშირად აფიქსირებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტის მიერ სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე განაცხადა.

ცქიტიშვილი ოპონენტებს მოუწოდებს შეურაცხყოფისგან თავი იმ ადგილზე მაინც შეიკავონ, რომელიც მისივე შეფასებით, პოლიტიკური შეტევებისგან თავისუფალი უნდა იყოს.

„გუშინდელი ინციდენტი ალბათ, კიდევ ერთი გამოხატულებაა იმ სახის, რომელსაც ოპოზიცია ხშირ შემთხვევაში აფიქსირებს. სამწუხაროა, რომ ადგილზე, რომელიც ცალსახად უნდა იყოს პროვოკაციებისგან და პოლიტიკური შეტევებისგან თავისუფალი, იქაც კი არ ერიდებიან ამას. მოვუწოდებ, ზოგად ფორმატში თუ არ იკავებენ თავს შეურაცხყოფისგან, იქ მაინც შეიკავონ, რადგან სხვა გარემო და სხვა კონტექსტია“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლანა ღვინჯილიამ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს გუშინ ატოცში ყოფნისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.