დიმიტრი ცქიტიშვილი - სკოლების დირექტორებთან დღევანდელ შეხვედრასა და ხორავას ქუჩის საქმეს შორის კავშირს ვერ ვხედავ
დიმიტრი ცქიტიშვილი - სკოლების დირექტორებთან დღევანდელ შეხვედრასა და ხორავას ქუჩის საქმეს შორის კავშირს ვერ ვხედავ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი თბილისის სკოლების დირექტორებთან დღევანდელ შეხვედრას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან ვერ აკავშირებს.

მისი თქმით, სასკოლო ცხოვრებაში მშობლების მეტი ჩართულობა, სამეურვეო საბჭოების და დირექციის პასუხისმგებლობების გამიჯვნა, – ეს არის იმ საკითხების მცირე ჩამონათვალი, რომელიც  სკოლების დირექტორებთან შეხვედრის დროს გამოიკვეთა.

„დღევანდელ შეხვედრის პირდაპირი კავშირი კომისიის ძირითად საკითხთან ვერ ვნახე. თუმცა, საუბარი იყო გარკვეულ დეტალებსა და პრობლემებზე, რომლებიც სასწავლო დაწესებულებებში არსებობს. არის საუბარი, რომ უფრო მეტი კოორდინაციაა საჭირო მანდატურსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის, საჭიროა სამეურვეო საბჭოებისა და დირექციის პასუხისმგებლობების გამიჯვნა, მშობლების უფრო მეტი ჩართულობა. ასეთი გლობალური საკითხების აღმოფხვრაზე მუშაობს როგორც სამინისტრო, ისე პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი. მიუხედავად ამისა, ძალიან მიჭირს ხორავას ქუჩის საქმესთან ამ საკითხების დაკავშირება”,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი კომისიის წევრები სკოლების უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, თბილისის სკოლების 30 დირექტორს ხვდებიან.