დიმიტრი ცქიტიშვილი - კანონპროექტი არ კრძალავს რამდენიმე ადგილზე მუშაობას, არამედ უკრძალავს დამსაქმებელს, რომ დასაქმებულს დადგენილზე და შეთანხმებულზე მეტი დროით მუშაობა აიძულოს 
დიმიტრი ცქიტიშვილი - კანონპროექტი არ კრძალავს რამდენიმე ადგილზე მუშაობას, არამედ უკრძალავს დამსაქმებელს, რომ დასაქმებულს დადგენილზე და შეთანხმებულზე მეტი დროით მუშაობა აიძულოს 

კანონპროექტი არ კრძალავს რამდენიმე ადგილზე მუშაობას, კანონპროექტი უკრძალავს დამსაქმებელს იძულებით, სამსახურიდან გაგდების მუქარით ან ნებისმიერი სხვა ფორმით აიძულოს დასაქმებული, დადგენილზე და შეთანხმებულზე მეტი ამუშაოს, – ამის შესახებ შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებათა პროექტის ინიციატორმა, დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

დეპუტატმა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებული სადაო საკითხების განმარტებისას აღნიშნა, რომ კანონპროექტი ემსახურება ცალსახად უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვას შრომით ურთიერთობებში.

„შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების, რბილად რომ ვთქვათ, სპეკულაციური ინტერპრეტაცია გაავრცელა დღეს ერთ-ერთმა ორგანიზაციამ.

ბევრი კითხვაც მივიღე და სამწუხაროდ, ყველას ვერ ვპასუხობ სათითაოდ.

ვეცადე საინფორმაციო საშუალებებით გამეცა პასუხები, მაგრამ აქაც მინდა პოზიცია განვმარტო მოკლედ და საგნობრივად.

საქმის ვითარება არის შემდეგი:

კანონპროექტი არ კრძალავს რამდენიმე ადგილზე მუშაობას. კანონპროექტი უკრძალავს დამსაქმებელს იძულებით, სამსახურიდან გაგდების მუქარით ან ნებისმიერი სხვა ფორმით აიძულოს დასაქმებული, დადგენილზე და შეთანხმებულზე მეტი ამუშაოს.

დღეს ხელოვნურად იქნა ატეხილი აჟიოტაჟი კონკრეტული პირების მიერ იმისათვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის პროცესი სათავეშივე იყოს დისკრედიტებული.

კანონი ემსახურება ცალსახად უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვას შრომით ურთიერთობებში, განსაკუთრებული აქცენტით დასაქმებულების ინტერესების დაცვაზე“, – აცხადებს ცქიტიშვილი.

ცვლილებათა პროექტის ინიციატორის თქმით, კანონის დახვეწის საჭიროება გამომდინარეობს იმ საკმაოდ მძიმე ვითარებით, რაც ამ სფეროშია და რაზეც ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ხმამაღლა საუბრობს.

„პროფკავშირებს მუდმივი განგაში აქვს ატეხილი, გვაკრიტიკებს ბევრი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, მუდმივად მიგვითითებს სახალხო დამცველი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის სტრუქტურები და, რაც მთავარია, ვხედავთ ჩვენს ყოველდღიურობაში, ყოველ ნაბიჯზე.

ბევრი სპეკულაცია იყო, მაგრამ კანონპროექტი სინამდვილეში გულისხმობს:

– დისკრიმინაციის აკრძალვას;

– ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების გაცილებით მაღალ სტანდარტს;

– სტაჟირების ინსტიტუტის შემოღებას და სტაჟიორების უფლებების დაცვას;

– სამუშაო დროის რეგულირებას და მონური შრომის აკრძალვას;

– ზეგანაკვეთური შრომის მომატებული ტარიფით ანაზღაურება;

– გარანტირებულ შესვენებას, დასვენებას და შვებულებას;

– სამსახურებიდან ადამიანების უმიზეზოდ განთავისუფლების აკრძალვას;

კონსულტაციებსა და ინფორმაციის გაცვლას დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის;

– მასობრივი დათხოვნის შემთხვევაში, დასაქმებულებისთვის გარკვეული გარანტიების მიცემას;

რაც მთავარია, იმისათვის, რომ ეს კანონი იყოს ქმედითი, შემუშავებულია ზედამხედველი ორგანოს – შრომის ინსპექციის კანონი და კანონში გათვალისწინებულია აღსრულების მექანიზმები, მათ შორის სანქციები“, – აცხადებს დეპუტატი.

მისივე თქმით, კანონპროექტები აგებულია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებზე, რომელთა კანონმდებლობაში ასახვის ვალდებულება საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით აქვს.

ასევე, დეპუტატის განმარტებით, ამ ცვლილებების განხორციელება აუცილებელი წინაპირობაა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებების დასაწყებად.

„რაც შეეხება კანონპროექტების განხილვის პროცესს, კანონპროექტი ჯერ არც დაინიცირებულა. დღეისათვის პროექტი მომზადებულია, იყო პირველი შეხვედრა დაინტერესებულ 30-მდე ორგანიზაციასა და უწყებასთან. დაგეგმილია კიდევ ბევრი დეტალური განხილვა და მხარეთა პოზიციების დაახლოება.

შენიშვნები მოწოდებული აქვთ სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციებს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, ბიზნესომბუდსმენს, სამინისტროებს.

იგეგმება შენიშვნების გაანალიზება და პოზიციათა დაახლოება.

ყველაფერი ამის მიუხედავად, საქართველოში მუდმივად იქნებიან ადამიანები, ვინც მოწოდებული იქნებიან შეინარჩუნონ ქვეყანაში მონური შრომა“, – აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.