დიმიტრი ცქიტიშვილი - სერგეი გავრილოვს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი თუ დარღვეული აქვს, მას საზღვარზე გააჩერებენ
დიმიტრი ცქიტიშვილი - სერგეი გავრილოვს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი თუ დარღვეული აქვს, მას საზღვარზე გააჩერებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, თუ სერგეი გავრილოვს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი აქვს დარღვეული, მას საზღვარზე გააჩერებენ.

ჟურნალისტებთან საუბარში დიმიტრი ცქიტიშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მონაწილეობას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს არ არის ვინმეს პიროვნული მოპატიჟება, დიდი საერთაშორისო ფორუმის მოპატიჟება ხდება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს საკითხები განხილული და წამოწეული იყოს.

„სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი მსგავსი შეხვედრა ყოფილა. საქართველოს საკითხების აქტუალიზება და საერთაშორისო ფორმატში რუსეთის ქმედებების კრიტიკა ხდება. ამ შემთხვევაში ნომინალური, მაგრამ ორგანიზაციის პრეზიდენტი რუსეთის წარმომადგენელია. თუ სერგეი გავრილოვს კანონი დარღვეული აქვს, საზღვარზე გააჩერებენ. რუსეთის პოლიტიკის განცხადებების გამო, საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტს ჩამოსვლას ვერ ავუკრძალავთ, ეს არის მოწვევა არა ვინმესი, არამედ საერთაშორისო ფორუმის მასპინძლობა, რომლის წევრი ბევრი ქვეყანაა. ამ ქვეყნებთან ურთიერთობა და ამ ფორმატში ყველას წინააღმდეგ რუსეთის მარტოდ დატოვება გვჭირდება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესიას უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვევა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესია, დღეს, 19:00 საათზე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საინაუგურაციო სხდომით გაიხსნება.