დიმიტრი ცქიტიშვილი - სამ კანდიდატს გავესაუბრეთ, გაუგიათ სხვა მოსამართლეებზე ზეწოლის ამბები, მაგრამ თავად იყვნენ დონ კიხოტები 
დიმიტრი ცქიტიშვილი - სამ კანდიდატს გავესაუბრეთ, გაუგიათ სხვა მოსამართლეებზე ზეწოლის ამბები, მაგრამ თავად იყვნენ დონ კიხოტები 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები „დონ კიხოტებს“ შეადარა.

დიმიტრი ცქიტიშვილი მოსამართლეობის კანდიდატ შოთა გეწაძეს, წინა ხელისუფლების დროს სასამართლოზე ზეწოლის ფაქტებსა და სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ჰკითხა.

გეწაძის განცხადებით, მისი კარიერის განმავლობაში, როდესაც ის სასამართლოში მუშაობდა, თუმცა მოსამართლე არ ყოფილა, გასჩენია განცდა, რომ მოსამართლეს სამართლიანად არ მიჰყავდა სასამართლო პროცესი.

„ცოტა გარედან რომ შევხედოთ ამ პროცესს, ალბათ დაგაფიქრებთ, რომ სამ კანდიდატს გავესაუბრეთ, ისინი იმ პერიოდში იყვნენ მოსამართლეები, როდესაც სასამართლოდ დამოუკიდებელი არ იყო. ამბობენ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ალბათ არ იყო, ეს იციან, გაუგიათ, მაგრამ მათზე ზეწოლას უარყოფენ. გაუგიათ სხვისი ზეწოლის ამბები, მაგრამ თავად იყვნენ, პოზიტიურ კონტექსტში ვიტყვი, „დონ კიხოტები“, იბრძოდნენ სამართლიანობისთვის. იგივეს ამბობთ თქვენც“, – მიმართა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შოთა გეწაძეს.