დიმიტრი ცქიტიშვილი - რუსეთის მცდელობაა, შემოგვთავაზოს ალტერნატიული ისტორია და შემოიტანოს დისონანსი, რომ საქართველო ნეგატიურ კონტექსტში ჩააყენოს
დიმიტრი ცქიტიშვილი - რუსეთის მცდელობაა, შემოგვთავაზოს ალტერნატიული ისტორია და შემოიტანოს დისონანსი, რომ საქართველო ნეგატიურ კონტექსტში ჩააყენოს

რუსეთის მხრიდან ასეთი გაყალბებული ისტორია ვერანაირ სამეცნიერო საფუძვლებს ვერ დაეყრდნობა და განხილვას არანაირი სამართლებრივი ძალა არ ექნება, ასეთი უსუსური მცდელობა ყოველთვის ექნებათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა განუცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი რუსული მედიის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის გათვალისწინებით, რუსეთის დუმა 1920 წელს საქართველოს მიერ „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრებთა გენოციდის საკითხს განიხილავს.

დეპუტატის თქმით, რუსეთის მცდელობაა, საზოგადოებას ისტორიის ახალი ვერსია შესთავაზოს.

„ეს არ არის ძველი ისტორია და პირველწყაროებიდან შემორჩენილია ინფორმაცია, რა მოხდა 1920 წელს, როცა საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ ბოლშევიკური რაზმების აჯანყება მოხდა. ეს ფაქტობრივი მოცემულობა იყო და არანაირი გენოციდი არ ყოფილა. მათი მცდელობაა, ალტერნატიული ისტორია შემოგვთავაზონ და დისონანსი შემოიტანონ, რომ საქართველო ნეგატიურ კონტექსტში ჩააყენონ. საკუთარი ქმედებების გათანაბრება უნდათ, რასაც თავად სჩადიან“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის საბჭო უახლოეს სესიაზე, საქართველოს მიერ 1920 წელს სამხრეთ ოსეთში მცხოვრები, ეთნიკურად ოსი მოქალაქეების გენოციდად აღიარების საკითხს განიხილავს.