დიმიტრი ცქიტიშვილი - რუსეთი მიზეზებს ეძებს, რათა გადაწყვეტილებების მიღებას თავი აარიდოს
დიმიტრი ცქიტიშვილი - რუსეთი მიზეზებს ეძებს, რათა გადაწყვეტილებების მიღებას თავი აარიდოს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, რუსეთი ჟენევის ფორმატში ისევე იქცევა, როგორც დისკუსიის 46 რაუნდის განმავლობაში იქცეოდა.

ცქიტიშვილის თქმით, მათ ჯიუტი პოზიციები აქვთ და არ აღიარებენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის პოლიტიკას არ იწონებს, არ ეთანხმება და მათგან კონკრეტულ ქმედებებს მოითხოვს.

„რუსეთი მიზეზებს ეძებს, როგორ აარიდოს თავი გადაწყვეტილებების მიღებას და სხდომა ამიტომ დატოვა. სულ სხვა მიზეზებს ასახელებენ, რაც მათი მხრიდან სპეკულაციაა. რაც შეეხება ერგნეთის მოლაპარაკებებს, ერგნეთის მოლაპარაკებები საერთაშორისო ფორმატის ნაწილია. ამ ფორმატის ფარგლებში ცხელი ხაზი მოქმედებს, საუბარი მიმდინარეობს ინციდენტებზე და ა.შ.“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა ერგნეთის მოლაპარაკებები მაშინ დატოვეს, როცა საქართველოს პარლამენტმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ მიიღო, რადგან ეს არ მოეწონათ.

„ახლა მიხვდნენ, რომ ფორმატში აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ, რადგან მათთვისაც მნიშვნელოვანია. ეს არის საჭირო, ქმედითი და ეფექტური მექანიზმი. ამ ფორმატში დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ნაკლებად მიიღება, ეს არის ინციდენტების პრევენციის მექანიზმი, რომელიც ძალიან პრაქტიკულია და ყველას სჭირდება, თუმცა საუბრის ძირითადი ფორმატი ჟენევის მოლაპარაკებებია”, – განაცხადა დეპუტატმა.

საქართველოს ​საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზე. ამასთან, როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, კვლავ ხაზგასმით აღინიშნა გალისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების დროულად, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით აღდგენის აუცილებლობა. „რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა დესტრუქციული პოზიციის გამო, ვერ მოხერხდა დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემის – ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის განხილვა. აღნიშნულ თემაზე დისკუსიის თავიდან აცილების მიზნით, მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან დატოვეს მოლაპარაკებები“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.