საგარეო უწყება - ჟენევაში რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა დესტრუქციული პოზიციის გამო, დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვა ვერ მოხერხდა
საგარეო უწყება - ჟენევაში რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა დესტრუქციული პოზიციის გამო, დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვა ვერ მოხერხდა

​საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზე.

საქართველოს დელეგაციამ ვრცლად ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგებზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ასევე ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის პროცესზე, გახშირებულ სამხედრო წვრთნებსა და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებზე. ქართველმა მონაწილეებმა ისაუბრეს საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით გამაგრებაზე და დაგმეს სოფელ ატოცთან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი.

„საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დასვეს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად იმპლემენტაციის აუცილებლობა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის გაძლიერების ფონზე, ქართულმა დელეგაციამ კვლავ დააყენა მოსკოვის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების საჭიროება და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განთავსების აუცილებლობა.

აღინიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესრულება, ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა წარმოადგენს ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებელ და განუყოფელ კომპონენტებს.

მოლაპარაკებებისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარული მკვლელობის ფაქტებზე. საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ დააყენეს აღნიშნულ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროება.

ვრცლად იქნა განხილული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა. საუბარი შეეხო თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, საკუთრებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საკითხს. განსაკუთრებული განხილვის საგანი იყო გალისა და ახალგორის ქართველი მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაციის მძიმე შედეგები და ამ გამოწვევის დაუყოვნებლივ გადაჭრის აუცილებლობა.

აღინიშნა, რომ არსებული დისკრიმინაციული შეზღუდვები და შედეგად ადგილზე შექმნილი რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება ქმნის ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის საფრთხეს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობას“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, კვლავ ხაზგასმით აღინიშნა გალისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების დროულად, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით აღდგენის აუცილებლობა.

„რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა დესტრუქციული პოზიციის გამო, ვერ მოხერხდა დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემის – ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის განხილვა. აღნიშნულ თემაზე დისკუსიის თავიდან აცილების მიზნით, მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან დატოვეს მოლაპარაკებები.

ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან თანათავმჯდომარეები და თანამოდერატორები ისევე, როგორც აშშ-ის წარმომადგენლები, ერთიანი იყვნენ ადგილზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით ვითარების გამოსწორების აუცილებლობის საკითხში.

მოლაპარაკებების დაწყებამდე გაიმართა საინფორმაციო სესია თემაზე „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“, რომლის დროსაც განხილულ იქნა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა აქტიური ჩართულობისა და კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა პრობლემებზე ფოკუსირების აუცილებლობა ინკლუზიური და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2019 წლის 2-3 აპრილს“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი.

პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.