დიმიტრი ცქიტიშვილი - ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია ერთადერთი ბერკეტია, დანაშაულში ბრალდებულ პირებს პასუხისმგებლობა დავაკისროთ
დიმიტრი ცქიტიშვილი - ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია ერთადერთი ბერკეტია, დანაშაულში ბრალდებულ პირებს პასუხისმგებლობა დავაკისროთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი კატეგორიულად არ ეთანხმება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის პოზიციას ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ეს სია საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთადერთი ბერკეტია, კონკრეტულ დანაშაულში მონაწილე პირებს პასუხისმგებლობა დააკისრონ. დიმიტრი ცქიტიშვილი აბაშიძე-კარასინის ფორმატის პრობლემებზეც საუბრობს.

„რუსეთი, ბუნებრივია, ამ სიის კმაყოფილი ვერ იქნებოდა, ამის მოლოდინი არ გვქონდა. ეს არის დოკუმენტი არა აფხაზებისა და ოსების, არამედ იმ კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რომლებიც დანაშაულში არიან ბრალდებულები. ჩვენი ხელისუფლებისთვის ეს არის ერთადერთი ბერკეტი, პასუხისმგებლობა დავაკისროთ ამ პირებს. რაც შეეხება ფორმატს, უკვე წლებია აბაშიძე-კარასინის შეხვედრებში ნაბიჯი წინ არ იდგმება. თუ არ ჩავთვლით პირველ წელს ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანას, შეთანხმება ამის შემდეგ პრაქტიკულად ვერაფერზე მოხერხდა. შესაბამისად, ჩვენი მწვავე შეფასებები და კრიტიკული განცხადებებიც აქედან გამომდინარეობს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე“ ისაუბრა და მას რეგიონისთვის საშიში და სახიფათო სიგნალი უწოდა.