დიმიტრი ცქიტიშვილი - მოსამართლემ უნდა ისაუბროს თამამად, თუნდაც დაშვებულ შეცდომებზე
დიმიტრი ცქიტიშვილი - მოსამართლემ უნდა ისაუბროს თამამად, თუნდაც დაშვებულ შეცდომებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს მორალური ვალდებულება აქვს, ღიად და თამამად თქვას გარკვეული ხარვეზების შესახებ, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებობდა და არსებობს.

როგორც ჟურნალისტებს ცქიტიშვილმა განუცხადა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ იყო ზეწოლა სასამართლო სისტემაში და რა სახის იყო.

„თუ სასამართლო თავისუფალი არ იყო, უნდა ვიცოდეთ, რატომ არ იყო. თუ გულწრფელი და თამამი საუბარი არ იქნება იმაზე, რომ მოსამართლე შეზღუდული იყო, თუ მოსამართლე არ გვეტყვის, მაშინ და ახლა რითია შეზღუდული, არ მჯერა, რომ ასეთი მოსამართლე აწი იქნება თავისუფალი. მინდა თავისუფალი, დამოუკიდებელი მოსამართლე, რომელსაც პოლიტიკური კონიუქტურის მიუხედავად სითამამე ექნება. მოსამართლემ უნდა ისაუბროს თამამად, თუნდაც დაშვებულ შეცდომებზე. თუ ადამიანს თვითაღიარების შესაძლებლობა არ აქვს და თავის მონაწილეობას ვერ ხედავს გარკვეულ ხარვეზებში, სამომავლოდ მას ვერ ვენდობი. როცა სასამართლო რეფორმა იგეგმებოდა, სასამართლო სისტემის მთლიანი ცვლა არ უნდა მომხდარიყო, ეს იყო პრინციპული. სასამართლო ყალიბდება ხელისუფლებათა ცვლის მიუხედავად. აღიარებული უნდა იყოს ხარვეზები, რომელიც დაშვებული იქნა ერთი თუ მეორე ხელისუფლების დროს. ეს არ ნიშნავს, რომ სასამართლოს შემადგენლობის სრული ცვლა უნდა მოხდეს”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტეში უსმენენ.