დიმიტრი ცქიტიშვილი - მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუმ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არანაირი დასავლური ძალა არ არის
დიმიტრი ცქიტიშვილი - მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუმ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არანაირი დასავლური ძალა არ არის

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის მოსაზრებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ინტერვიუმ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არანაირი დასავლური ძალა არ არის, მიხეილ სააკაშვილი დასავლელი ლიდერი არ არის და ის ამას რაღაც პერიოდის განმავლობაში კარგად ფუთავდა.

ცქიტიშვილის თქმით, სააკაშვილის ინტერვიუ „აღიარება“ აჩვენებს, რომ მან არც ერთი დასავლელი პარტნიორისა და ლიდერის რჩევა არ გაითვალისწინა.

„საბოლოო ჯამში, დასავლელი ლიდერების რჩევები სწორი აღმოჩნდა, სააკაშვილმა საქართველო ომამადე მიიყვანა და რუსეთს საშუალება მისცა, კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის ოკუპაცია მოეხდინა. საბოლოო ჯამში მივიღეთ უფრო მეტი ოკუპირებული ტერიტორია, უფრო მეტი დევნილი და უფრო მეტი რუსი სამხედრო საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის ის შედეგი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკამ განახორციელა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტს (IWPR) გუშინ ინტერვიუ მისცა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომზე და ჰაიდი ტალიავინის დასკვნაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ჰაიდი ტალიავინი პროსეპარატისტული იყო, საქართველოს არ ჰქონდა  ისეთი დიპლომატიური პოზიცია, რომ მისი კანდიდატურა გაეპროტესტებინა.

„ჩვენ არ გვქონდა ისეთი დიპლომატიური პოზიცია, რომ კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჰაიდი ტალიავინის კანდიდატურა გაგვეპროტესტებინა. ეს იყო დრო, როდესაც სექტემბერში ბუშმა მითხრა, მიშა, ჩვენ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გვაქვს და თქვენთვის დრო არ გვაქვსო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნიკოლა სარკოზი დიპლომატიურ პროცესში ამერიკელებს ჩამოშორებული იყო და ორმაგი თამაში ითამაშა.

„ნიკოლა სარკოზი ჯამბაზივით იქცეოდა, იყო არაკომპეტენტური და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რამდენიმე თვეში „მისტრალებზე“ გაყიდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.