დიმიტრი ცქიტიშვილი - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ანალიზისა და დასკვნების გასაკეთებლად მეტ-ნაკლებად სრული სურათი გვაქვს
დიმიტრი ცქიტიშვილი - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ანალიზისა და დასკვნების გასაკეთებლად მეტ-ნაკლებად სრული სურათი გვაქვს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ არასრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვა დაასრულა. ამით კომისია დასკვნით ფაზაში გადადის და შემდეგი კვირიდან საბოლოო ანგარიშის მომზადებას იწყება, რომელიც პარლამენტს სექტემბრის პირველ კვირაში უნდა წარუდგინოს.

„დღევანდელი გამოკითხვებიდან გარკვეულ სიახლეებს ნაკლებად ველოდებოდით, თუმცა ვინაიდან სია იყო შედგენილი, მაინც ყველა უნდა გამოგვეკითხა. გამოვკითხეთ აღნიშნული არასრულწლოვნები. გარკვეული დეტალები დაზუსტებულ იქნა და ვფიქრობ, დღეს მეტ-ნაკლებად გვაქვს სრული სურათი იმისთვის, რომ ანალიზი, დასკვნები გავაკეთოთ და საბოლოო ჯამში, საზოგადოების წინაშე წარდგეს კომისია გარკვეული მოსაზრებებით“, – განაცხადა კომისიის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის დასკვნა საკმაოდ მოცულობითი იქნება, სადაც საუბარი იქნება ასევე განათლებისა და საგამოძიებო სისტემებში არსებულ ხარვეზებზე.

„ამ ტიპის კომისია აქამდე არ ყოფილა და ახლა დაიწყება ფორმატის გადაწყვეტა, როგორი უნდა იყოს დასკვნა. ის, ალბათ, საკმაოდ მოცულობითი იქნება, დეტალურად აღვწერთ, რა პროცესები მიმდინარეობდა და როგორ მიმდინარეობდა თვითონ კომისიის მუშაობა, ასევე იქნება ზოგად სისტემურ ხედვებზე საუბარი, საგამოძიებო სისტემაში, განათლების სისტემაში, სასკოლო უსაფრთხოებაში და ა.შ“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს არასრულწლოვანი მოწმეები გამოკითხეს, მათ შორის ის არასრულწლოვანი, რომელიც გამოძიებას აქამდე არ გამოუკითხავს.