დიმიტრი ცქიტიშვილი - დამოუკიდებელი კანდიდატი ახალი, დემოკრატიული საპრეზიდენტო  ინსტიტუტის ჩამოყალიბების პროცესში საინტერესო გადაწყვეტა იქნება  
დიმიტრი ცქიტიშვილი - დამოუკიდებელი კანდიდატი ახალი, დემოკრატიული საპრეზიდენტო  ინსტიტუტის ჩამოყალიბების პროცესში საინტერესო გადაწყვეტა იქნება  

უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება ძალიან საინტერესო იქნება, ამასთან ძალიან კარგია, თუ ქვეყანას ქალი პრეზიდენტი ეყოლება, – აღნიშნული კომენტარი დიმიტრი ცქიტიშვილმა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმად, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი.

მისი თქმით, აღნიშნული შესახებ ინფორმაცია მან მედიიდან შეიტყო,  შესაბამისად, დამოკიდებულებას საკითხისადმი მას შემდეგ გამოხატავს, როდესაც კონკრეტულად გაირკვევა, თუ ვინ არის საპრეზიდენტო კანდიდატი.

ამასთან, დეპუტატი თავს იკავებს სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის შეფასებისგან, თუმცა აღნიშნავს, რომ ზოგადად კარგია, თუ ქვეყანას ქალი პრეზიდენტი ეყოლება.

„არ ვფიქრობ, სწორი იყოს ჩემს კოლეგაზე ვისაუბრო და ჭორების საფუძველზე გავაკეთო შეფასება. ზოგადად, ვფიქრობ, რომ  ქალი პრეზიდენტი ძალიან კარგი იქნება, განსაკუთრებით დღეს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება იდეას, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ არ დასახელდეს და დამოუკიდებელი კანდიდატი იყოს, ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ძალიან საინტერესოა და საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს ყველასთან თანაბარი კომუნიკაცია და ურთიერთობები ჰქონდეს.

„ესეც ძალიან საინტერესო მგონია, რადგან თანამედროვე საქართველოში, იმ კონსტიტუციის პირობებში, რომელიც გვაქვს,  გვჭირდება არა ისეთი პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკურ ხაზს წარმართავს, არამედ პრეზიდენტი,  რომელსაც აქვს საშუალება, თანაბარი ურთიერთობები და კომუნიკაცია ჰქონდეს ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან, დიდთან და პატარასთან, მარგინალურთან თუ ძირითადთან, არ ჰქონდეს პოლიტიკური ბმა, რომელიმე პარტიასთან“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ახალი, დემოკრატიული საპრეზიდენტო  ინსტიტუტის ჩამოყალიბების პროცესში ძალიან საინტერესო გადაწყვეტა იქნება.

 

დატოვე კომენტარი