დიმიტრი ცქიტიშვილი - აუცილებელია, მაია ოთინაშვილი გათავისუფლდეს და თავის ოჯახს დაუბრუნდეს
დიმიტრი ცქიტიშვილი - აუცილებელია, მაია ოთინაშვილი გათავისუფლდეს და თავის ოჯახს დაუბრუნდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი ცქიტიშვილისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა ის ვიდეო, რომელიც „სპუტნიკ ოსეტიამ“ გაავრცელა.

დეპუტატის თქმით, პირველ რიგში ეს არის რუსული საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული მასალა, რაც უკვე არადამაჯერებელია.

ცქიტიშვილის თქმით, ოთინაშვილი უკანონო პატიმარია და მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მასზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლა, მისი უფლებები უკვე დარღვეულია.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ამბობს, რომ რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს დაკავებულის გათავისუფლება, რათა ის თავის ოჯახს დაუბრუნდეს.

„ჩემთვის ნამდვილად საკმარისი არ არის ეს ვიდეო. პირველ რიგში, ეს არის რუსული საინფორმაციო წყაროებიდან გავრცელებული მასალა. ჩემთვის არ არის მართლაც დამაჯერებელი და დამადასტურებელი, რომ ნამდვილად კარგად მოექცნენ ამ ქალს და ყველა შემთხვევაში, როგორც არ უნდა მოექცნენ, ეს ქალი არის უკანონო პატიმარი, გატაცებული. აუცილებელია, ოთინაშვილი გათავისუფლდეს და თავის ოჯახს დაუბრუნდეს. ეს არის მთავარი“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

სააგენტო „სპუტნიკ ოსეტია“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის ვიდეომასალას ავრცელებს. როგორც ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედი მედიასაშუალებები წერენ, „მაია ოთინაშვილი ჯანმრთელობას არ უჩივის“. მათივე ცნობით, დღეს მაია ოთინაშვილი ცხინვალის ციხეში ოსმა ჟურნალისტებმა მოინახულეს და „როგორც თავად დაკავებულმა განაცხადა, კარგად ეპყრობიან და ჯანმრთელობას არ უჩივის“.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი 29 სექტემბერს დააკავეს. ცხინვალიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.