დიმიტრი ცქიტიშვილი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ხაზგასმაა, რომ მხარს უჭერენ მხოლოდ დემოკრატიულ სახელმწიფოს
დიმიტრი ცქიტიშვილი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ხაზგასმაა, რომ მხარს უჭერენ მხოლოდ დემოკრატიულ სახელმწიფოს

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არც ძალიან მკაცრი კრიტიკაა და არც მხარდამჭერი, ეს არის ხაზგასმა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს მხოლოდ დემოკრატიულ და სამართლიან სახელმწიფოს, საქართველოს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, განცხადებაში ცალსახად არის ნათქვამი, რომ აშშ-ში დიალოგის რეჟიმს უჭერენ მხარს და არა უბრალოდ დროის გაყვანას.

„ეს არც ძალიან მკაცრი კრიტიკაა და არც მხარდამჭერი. ეს არის ხაზგასმა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს მხოლოდ დემოკრატიულ და სამართლიან სახელმწიფოს, საქართველოს. არ არის მითითებული რომელი პოლიტიკური გუნდი იქნება ხელმძღვანელობაში. ასევე ხაზგასმაა, რომ სასამართლოს მეოთხე ტალღა მათთვის მნიშვნელოვანია და აქ მნიშვნელოვან პროგრესს ელოდებიან. მეოთხე ტალღა რეფორმის მიმართულებად უკვე მხარდაჭერილი იყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ელოდებიან, რომ ამის მიყვანა ბოლომდე მოხდება. ცალსახად არის ნათქვამი, რომ დიალოგის რეჟიმს უჭერენ მხარს და არა უბრალოდ დროის გაყვანას. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრები რომელიც ოპოზიციასთან მიმდინარეობს შედეგზე ორიენტირებული იყოს. დიალოგი არა მხოლოდ დიალოგისთვის არამედ დიალოგი შედეგისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ხაზგასმაა, რომ არ მოხდეს ახალი პროკურორის დანიშვნის დროს პოლიტიკურად მოტივირებული ან პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანის დანიშვნა. რეალურად ეს ჩვენ გვაჩვენებს, რომ თუ იქნება ან უშედეგო მოლაპარაკებები ან პოლიტიკურად მიკერძოებული სასამართლო სისტემა და პროკურორი, რომელიც უნდა დაინიშნოს, შესაბამისად შეიძლება შეიცვალოს იმიტომ, რომ ეს დემოკრატიიდან გადახვევა იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფს აქვს სურვილი, აშშ-ის დეპარტამენტის განცხადება საკუთარი ინტერპრეტაციით წაიკითხონ.

„ეს განცხადება გაძლევს საშუალებას, ისე წაიკითხო, როგორც გინდა. იმიტომ, რომ იქ არ არის ძალიან მკაცრად ჩამოყალიბებული მკაფიოდ გამოკვეთილი პოზიციები. თუმცა მინიშნებები ძალიან ბევრია. რა თქმა უნდა, თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფს აქვს თავისი სურვილი, რომ თავისებური ინტერპრეტაცია მოახდინოს ამ განცხადების. მაგრამ ძალიან მოკლე, კონკრეტული და ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველაზე აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებს ეხება. ეს ზოგადად ადამიანის უფლებებს სხვა მიმდინარე პროცესებს და ეკონომიკურ განვითარებას არ ეხება. ეს ეხება იმ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელიც დღეს არის მნიშვნელოვანი, რომელზეც არის ძალიან დიდი დისკუსიები, პროტესტი და დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის. აქ მოუწოდებს, რომ იყოს უფრო კონსტრუქციული და უფრო შედეგზე ორიენტირებული. სხვა შემთხვევაში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია: „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად“.