„დილას" ბოლო წამზე კოვტალიუკმა მოაგებინა
„დილას" ბოლო წამზე კოვტალიუკმა მოაგებინა

გორის “თენგიზ ბურჯანაძეზე” ეროვნული ლიგის მე-17 ტურის პირველ შეხვედრაში მაყურებელმა საინტერესო ფეხბურთი იხილა. გორის “დილამ” თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლა და ბოლო წამებზე დაამარცხა.

თბილისელები მამია გავაშელიშვილმა ორჯერ დააწინაურა – მე-10 და 61-ე წუთებზე. “დილამ” წონასწორობა ორჯერ აღადგინა: 58-ე წუთზე ეს მიკოლა კოვტალიუკმა მოახერხა, ხოლო 76-ეზე – ლეანდრო რიბეირომ პენალტით.

მოედანზე შეცვლაზე შესულმა ლევან ყენიამ თამაში აშკარად გაამწვავა – სულ 10 წუთი ითამაშა და ამ მოკლე დროში ორი სახიფათო მომენტი შექმნა. მისი შეტევის შემდეგ, ნიკა ჭანტურიამ გაიტანა, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.

90+1-ე წუთზე გორელთა მცველმა გია ჩადუნელმა ყენიასთან უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. ამის მიუხედავად, გორელებმა მაინც მოიგეს – მათ თბილისელები კონტრშეტევაზე გამოიჭირეს და მსაჯის საფინალო სასტვენამდე (90+3 წუთი) მიკოლა კოვტალიუკმა “ლოკომოტივის” კარი აიღო.

უკრაინელმა ლეგიონერმა დუბლი შეასრულა, ბომბარდირთა დავაში “ჩიხურას” თავდამსხმელს, გიორგი გაბედავას გაუთანაბრდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – “დილამ” 3:2 მოიგო.

ამ გამარჯვებით “დილამ” 34 ქულა დააგროვა და თუ ხვალ თბილისის “დინამო” ფოთის “კოლხეთთან” არ მოიგებს, მეორე ადგილს შეინარჩუნებს.